მაია ფანჯიკიძე:

მაია ფანჯიკიძე: "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი ინფორმაციის მიღმა დარჩენილა

საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტი ინფორმაციის მიღმა დარჩენილა. ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტის განცხადებას. 

"მე წავიკითხე ბატონი ჰოკმარკის განცხადება, ძალიან თვალში მოხვდა ის, რომ იგი წინა არჩევნებს უწოდებს დემოკრატიის ჩაბარებულ ტესტს და ახლა განიცდის იმას, რომ თურმე ოპოზიციის წარმომადგენლები იდევნებოდნენ. ეს მაფიქრებინებს იმას, რომ მას შარშანდელი არჩევნების წინ, მთელი იმ ერთწლიანი კამპანიის განმავლობაში არ ჰქონდა ინფორმაცია თუ როგორ იდევნობოდა ოპოზიცია საქართველოში, რამდენი კაცი დაიჭირეს, რამდენმა დაკარგა ბიზნესი. რა მდგომარეობა იყო მედიაში, სასამართლოში და პროკურატურაში და ა.შ. როგორც ჩანს, ჩვენი მცდელობა, ამ შემთხვევაში მე ვგულისხმობ "ქართულ ოცნებას", რომ ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე პროცესებზე მივიდეს ჩვენი ევროპელი პარტნიორების ყურამდე, რატომღაც იგი ამ ინფორმაციის მიღმა დარჩენილა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით, აქედან გამომდინარე, თუკი მას მიაჩნია, რომ შარშან "ნაციონალურმა მოძრაობამ" არჩევნებამდე პერიოდში დემოკრატიის ტესტი ჩააბარა, მაშინ გამოდის, რომ სხვადასხვა საკითხებზე ჰქონიათ საუბარი. "ამიტომ მე, მის ასეთ შეფასებებს ვერაფერს ვერ დავუპირისპირებ", - აღნიშნა მაია ფანჯიკიძემ.

"საქართველოს მყიფე დემოკრატიული პროცესი", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა ჭალლ შტრეეტ ჟოურნალ ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე-პრეზიდენტის გუნარ ჰოკმარკის წერილს.

როგორც გუნარი ჰოკმარკი აღნიშნავს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აცხადებს, რომ მისი ხელისუფლება "პროგრესს პრაგმატიზმით" აღწევს, თუმცა რთულია ამის გაგება, როცა საქმე დემოკრატიასა და კანონის უზენაესობას ეხება.

"ყოფილ მთავრობას ჰქონდა ხარვეზები, მაგრამ მან წარმატებას მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში, როგორც ამას "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კორუფციის ინდექსი ადასტურებს. პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მთავრობამ, რომელიც ხელისუფლებაში 2003 წლის "ვარდების რევოლუციის" შემდეგ მოვიდა, დემოკრატიის საბოლოო ტესტიც ჩააბარა – გასული წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მშვიდობიანი და მოწესრიგებული გადაბარებით, რომელმაც გადამწყვეტი გამარჯვება მოუტანა ბიძინა ივანიშვილის კოალიცია "ქართულ ოცნებას".

ბატონმა ივანიშვილმა შეიძლება გააკრიტიკოს ოპოზიცია, მაგრამ ის ვერ უარყოფს, რომ მან ხელისუფლება მშვიდობიანად, დემოკრატიული არჩევნების შედეგად ჩაიბარა და ეს შეუძლებელი იქნებოდა იმ პროგრესის გარეშე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობისას იქნა მიღწეული. მაგრამ მიუხედავად ამისა, ახლა "ქართული ოცნების" ხელისუფლება იყენებს სამართლებრივ ინსტიტუციებს მუქარის, შევიწროებისა და ოპოზიციის წარმომადგენელთა დაპატიმრებისთვის, რითაც რისკის ქვეშ აყენებს დემოკრატიას", - აღნიშნავს "ევროპის სახალხო პარტიის" ვიცე -პრეზიდენტი.