ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 22 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში 22 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია

ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათში 22 ოჯახი გარესამყაროს მოწყვეტილია, - აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" სოფლის რწმუნებულმა, გულნარა ჩიჩუამ დაუდასტურა.

ლანჩხუთის გამგებლის ინფორმაციით, ჭანჭათის გარდა სტიქიამ სერიოზულად დააზარალა სოფლები ზემო და ქვემო აკეთი. როგორც სოფელ აკეთის რწმუნებულმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, მოვარდნილმა ღვარცოფმა ხიდ-ბოგირები დაანგრია.

სერიოზულ ზარალზე საუბრობს მდინარე სუფსის ადიდების გამო სახნავ-სათესი სავარგულების გარეშე დარჩენილი მოსახლეობაც. "ჩვენ უკვე მივაწოდეთ ინფორმაცია ინფრასტრუქტურის სამინისტროს. სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა მუნიციპალიტეტის სოფლების ინფრასტრუქტურა, წაღებულია ხიდ-ბოგირები, დაიტბორა სახნავ-სათესი სავარგულები", - აცხადებს ლანჩხუთის გამგებელი ზაზა ურუშაძე.


სოფლის რწმუნებულების ინფორმაციით კი, სტიქიამ ორი კვირის წინ წყალდიდობისგან დაზიანებული ხიდ-ბოგირები და სავალი გზის ნაწილი ისევ დააზინა. მათივე ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები აღნიშნულ ობიექტებზე სამი დღის წინ დასრულდა.

"წელს რაც ხდება, ასეთი, ადრე არაფერი გვინახავს. სტიქია და წვიმა სულ იყო, მაგრამ ასეთი არაფერი ყოფილა. რაც ორი კვირის წინ წყალდიდობას გადაურჩა, დღეს წაიღო. სიმინდი აღარ შეგვრჩა და თხილი, გამოზამთრება გაგვიჭირდება ხალხს", - აცხადებენ სოფელ აკეთის მცხოვრებლები, რომლებიც ხელისუფლებას ზარალის დათვლასა და დახმარებას სთხოვენ.