ირაკლი ღარიბაშვილმა დუისელ უხუცესებთან შეხვედრები გამართა

ირაკლი ღარიბაშვილმა დუისელ უხუცესებთან შეხვედრები გამართა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუშინ, შს კახეთის მთავარ სამმართველოში თითქმის 5 საათის განმავლობაში დუისელ უხუცესებთან შეხვედრებს მართავდა. როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, პანკისის ხეობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრებში ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატი ზურაბ ზვიადაურიც მონაწილეობდა.

როგორც შეხვედრიდან გამოსულმა დუისელმა უხუცესებმა ჟურნალისტებს განუცხადეს, შეხვედრა მომხდარ ინციდენტს ეხებოდა და ამ დროისთვის ინციდენტი ამოწურულია. მათივე თქმით, შს სამინისტრო ყველაფერს აკეთებს, რომ დაპირისპირებული ახალგაზრდები შეარიგოს. უხუცესების ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი სოფელ მატანის მოსახლეობას შეხვდა, თუმცა მათ შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ კომენტარი არ გააკეთეს.

პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ადგილობრივ ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება კვირას, გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ჩხუბი სოფელ დუისში დაიწყო და შემდეგ სოფელ მატანში გაგრძელდა. მათივე თქმით, სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. არსებული ინფორმაციით, ინციდენტში ახმეტის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ზვიადაურის ძმაც მონაწილეობდა. თუმცა, თავად სპარტაკ ზვიადაური აცხადებს, რომ ის თბილისში იმყოფებოდა და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.