მედვედევმა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გარკვეული მონაკვეთი ნაკრძალად გამოაცხადა

მედვედევმა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გარკვეული მონაკვეთი ნაკრძალად გამოაცხადა

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა რუსეთ-აფხაზეთის ე.წ. საზღვრის გარკვეული მონაკვეთი ნაკრძალად გამოაცხადა. რუსული მედიის ცნობით, პრემიერმა ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის შექმნის შესახებ განკარგულება გამოსცა.

რუსეთის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, რუსეთისა და აფხაზეთის საზღვარი უშუალოდ ეკვრის რუსეთის მხრიდან კავკასიის სახელმწიფო ბიოსფერულ ნაკრძალს, აფხაზური მხრიდან კი - რიწის რელიქტურ ეროვნულ პარკს.

"მითითებულ განსაკუთრებით დაცულ ბუნებრივ ტერიტორიებს არსებითი მნიშვნელობა გააჩნია დასავლეთ კავკასიის ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნებისთვის. ამასთან, ტერიტორიის ტრანსსასაზღვრო განლაგება ქმნის დიდ ეკოლოგიურ დერეფანს, რომელიც ხელს უწყობს მნიშვნელოვან ფართობზე ცხოველთა და მცენარეთა ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას", – აღნიშნულია ინფორმაციაში.

აქვე ნათქვამია, რომ რუსულ-აფხაზური ტრანსსასაზღვრო რეზერვატის შექმნა დამატებით შესაძლებლობას შექმნის ბიოლოგიური და ლანდშაფტური მრავალფეროვნების შესანარჩუნებლად. გარდა ამისა, ეს ხელს შეუწყობს ორმხრივ თანამშრომლობას უნიკალური ბუნებრივი კომპლექსების დასაცავად.