შს სამინისტრო პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანას უარყოფს

შს სამინისტრო პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანას უარყოფს

შინაგან საქმეთა სამინისტრო პანკისის ხეობაში სპეცრაზმის შეყვანის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პანკისში დაპირისპირება 5 მოქალაქეს შორის მოხდა. "ამ დროისთვის სიტუაცია განმუხტულია. რაც შეეხება სპეცრაზმის შეყვანას, ამ ინფორმაციას არ ვადასტურებთ. სპეცრაზმი არც გუშინ ყოფილა ადგილზე და არც დღეს არის", - განმარტეს შს სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს და ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის. საქმე 239-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ხულიგნობას გულისხმობს.

არსებული ინფორმაციით, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ადგილობრივ ქისტებსა და ქართველ ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა. "ინტერპრესნიუსის" რეგიონული კორესპონდენტის ინფორმაციით, ინციდენტი წუხელ გვიან ღამით მოხდა. თვითმხილველების განცხადებით, ჩხუბი სუფელ დუისში დაიწყო და შემდეგ სოფელ მატანში გაგრძელდა.