მკითხველის მიმართვა პარლამენტს

მკითხველის მიმართვა პარლამენტს

მოგესალმებით ბატონო და ქალბატონო პარლამენტის უმრავლესობის წევრებო

გთხოვთ არ დაგეზაროთ და გულდასმით ჩაიკითხოთ ჩემი მოკრძალებული წერილი.

მე ვარ ერთი–ერთი თქვენი ამომრჩეველი იმ ათასობით ამომრჩეველთა შორის, რომელთაც ხმა მოგცათ არჩევნებზე უკეთესი საქართველოს მომავლის აშენებისათვის, დიდი რწმენით და იმედით. რომელთაც ხმა მოგცათ იმ იმედით, რომ თითოეული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება საქართველოში უკეთესობისკენ შეიცვლებოდა.

მე არ ვკარგავ ამ იმედს და რწმენას. ისევ ვფიქრობ, რომ გავაკეთე სწორი არჩევანი და თქვენ ნამდვილად ხართ ის ადამიანები, რომელთაც გული შესტკივათ თითოეული მისი ამომრჩევლის გასაჭირზე.

მეტ შესავალს აღარ გავაგრძელებ, მინდა მოგწეროთ ჩემს წინაშე დამდგარ პრობლემაზე, რომელიც თქვენი კანონპროექტის წყალობით შეიძლება ჩემი ოჯახის პრობლემაც გახდეს.

ვეცდები მოკლედ აგიხსნათ ჩემი თხოვნის შინაარსი.

საქართველოს პარლამენტში ახლა შესულია კანონპროექტი განათლების შესახებ  და რამდენადაც ვიცი დამტკიცებულია (ბატონმა პრეზიდენტმა ვეტო დაადო ჯერ–ჯერობით). რომელშიდაც ერთ–ერთ ნორმა იცვლება, მე კონკრეტულად ვერ გეტყვით რომელი მუხლში ან ქვემუხლში წერია აღნიშნული ნორმა მაგრამ გადმოგცემთ შინაარს. აქამდე: აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად ასისტენტ–პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეული ყოფილიყო პირი, რომელიც იქნებოდა დოქტორი ან დოქტორანტი. თქვენ აპირებთ ამ ნორმის შეცვლას, რომლის შემდეგაც დოქტორანტს აღარ ექნება უფლება დაიკავოს ასისტენტ–პროფესორის თანამდებობა.

მე ვარ დოქტორანტი და შესაძლებლობა მაქვს კონკურსის საფუძველზე ერთ–ერთ უნივერსიტეტში დავიკავო ასისტენტ–პროფესორის თანამდებობა. ამ ჯერ არ დამტკიცებული ნორმის საფუძველზე სავარაუდოდ ჩემი დანიშვნა ვერ მოხერხდება, რაც ჩემზე მატერიალურად, მორალურად და ფსიქოლოგიურად ძალიან ცუდად შეიძლება აისახოს. სავარაუდოდ ჩემს მგომარეობაში აღმოჩნდებიან ის დოქტორანტები, რომლებიც ანალოგიურ სიტუაციაში იმყოფებიან.

საქართველოში სამწუხაროდ არც აქამდე და არც ახლა არანაირი ხელშეწყობა არ ხდება დოქტორანტების წახალისების მიზნით, არ გვაქვს შესაძლებლობა მოვიძიოთ დაფინანსების წყაროები და ამიტომ იძულებულები ვართ მე პირადად საკმაოდ დიდი შრომის ხარჯზე(რომელიც ძალიან დიდ დროს მართმევს, ფაქტიურად დრო აღარ მრჩება სამეცნიერო საქმიანობისთვის), გადავიხადო დოქტორანტურაში სწავლის საფასური. ასევე მყავს ოჯახი, რომელთა კეთილდღეობა ჩემს  შემოსავალზეა დამოკიდებული.

ჩემი აზრით ამ ნორმის ცვლილება მომავალ მეცნიერებს უფრო მეტად დაუკარგავს იმის რწმენას და განწყობას, რომ მათმა სწავლა გააგრძელონ და რაიმე მნიშვნელოვანი გააკეთონ საქართველოს მეცნიერების განვითარებისათვის.

გთხოვთ გულთან მიიტანოთ აღნიშნული გარემოება და არ შეცვალოთ აღნიშნული ნორმა, მით უმეტეს, რომ ჩემი აზრით ამ ნორმის შეცვლა არაფერში არ წაადგებას განათლების შესახებ კანონს, ან რა მიზანს ემსახურება საერთოდ ამ ნორმის შეცვლა? დოქტორანტს დაუტოვეთ უფლება რომ გახდეს ასისტენტ–პროფესორი ამით რა შავდება? ან ვის მოუვიდა აზრდად რომ ეს ნორმა შეეცვალა?

ერთადერთი ამ ნორმით რაც შავდება ახალგაზრდა დოქტორანტებს(მათ შორის მეც) გვართმევთ შესაძლებლობას წინ წავიწიოთ პროფესიული თვალსაზრისით. გვიკარგავთ რწმენას, რომ ადრე თუ გვიან რაიმე ეშველება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის წყალწაღებულ მეცნიერებას.

გარდა ამისა გაითვალისწინეთ, რომ არსებობენ სპეციალობები, რომლებიც ძალიან მცირე ხანში საერთოდ დავიწყებას მიეცემა თუ ხელს არ შეუწყობთ.

ყველაზე მნიშვნელოვანი კი მაინც რწმენაა, რომელიც მე პირადად ამ კანონპროექტში ასეთ აზრის გაჟღერებამაც კი ძალიან შემირყია.

ზოგისთვის 3 წელი ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ წარმოიდგინეთ ჩემი მდომარეობა, მე ოჯახი მყავს, რომელიც კიდევ ვიმეორებ ჩემს შემოსავალზეა დამოკიდებული. ვიხდი დოქტორანტურის გადასახადს. თუ ამ ნორმას შემოიღებთ სამსახურსაც დავკარგავ და იძულებული ვიქნები საერთოდ შევეშვა მეცნიერებას.

გთხოვთ გაითვალისწინოთ ჩემი და ჩემნაირი დოქტორანტების თხოვნა.

პატივისცემით

ბესიკ ტაბატაძე

სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკური მოდელირებისა და კომპიუტერული მეცნიერებების მეორე კურსის დოქტორანტი.