თსუ-ს ახალი რექტორი ვლადიმერ პაპავა განცხადებას ავრცელებს

თსუ-ს ახალი რექტორი ვლადიმერ პაპავა განცხადებას ავრცელებს

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი რექტორი ვლადიმერ პაპავა განცხადებას ავრცელებს და მხარდამჭერებს მადლობას უხდის. „ჯი-ეიჩ-ენი" პაპავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
„ძვირფასო მეგობრებო, ყველას დიდი მადლობა ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში ჩემი მხარდაჭერისათვის.ვაცნობიერებ დიდ პასუხისმგებლობას, რომელიც რექტორის თანამდებობაზე არჩევის შედეგად დამეკისრა.

დიდი დაინტერესება ჩვენი უნივერსიტეტის ბედით, რომელიც გამოხატა ქართულმა საზოგადოებამ არის იმის დასტური, რომ საქართველოში კვლავ ძლიერია ლტოლვა განათლებისა და მეცნიერებისაკენ. ეს კი იძლევა იმის რწმენას, რომ უნივერსიტეტი აუცილებლად დაადგება აღორძინების გზას!

არჩევნებში მოპოვებული წარმატება ამ რთული გზის მხოლოდ დასაწყისია, რომელიც ერთად გვექნება გასავლელი უნივერსიტეტის პროფესორებისა და სტუდენტების მრავალრიცხოვან კოლექტივს უნივერსიტეტის იდეის გასამარჯვებლად", - ნათქვამია ვლადიმერ პაპავას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ 16 აგვისტოს, თსუ-ს რექტორის არჩევნებში, 10 ხმით ვლადიმერ პაპავამ გაიმარჯვა.
არჩევნებში 13 კანდიდატი - ვლადიმერ პაპავა, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე მონაწილეობდნენ.
მეთოთხმეტე კანდიდატმა, მარინე ჩიტაშვილმა თავისი კანდიდატურა არჩევნების წინა დღეს, ვლადიმერ პაპავას სასარგებლოდ მოხსნა.