კახა კალაძე:   დიმიტრი შაშკინისა და ხათუნა კალმახელიძის წარსულის მიმართ კითხვები არსებობს

კახა კალაძე: დიმიტრი შაშკინისა და ხათუნა კალმახელიძის წარსულის მიმართ კითხვები არსებობს

დიმიტრი შაშკინისა და ხათუნა კალმახელიძის წარსულის მიმართ ალბათ კითხვები არსებობს, - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახი კალაძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ყველას კარგად ახსოვს რა ხდებოდა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. 

"დაველოდოთ სანამ პროკურატურა გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა ყველას კარგად გვახსოვს რა ხდებოდა სასჯელაღსრულების სისტემაში. პროკურატურა სანამ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააკეთებს განცხადებას, ალბათ, მათ წარსულთან დაკავშირებით კითხვები არსებობს. ხათუნა კალმახელიძე იყო სასჯელაღსრულების მინისტრი და ყველას გვახსოვს რა კატასტროფა და საშინელება ხდებოდა ციხეში, დიმიტრი შაშკინი იყო თავდაცვის მინისტრი და ალბათ, მასთანაც არსებობს კითხვები", - განაცხადა კახი კალაძემ.

მთავარმა პროკურატურამ გუშინ ხათუნა კალმახელიძე მოწმის სტატუსით დაკითხა. საქმე პატიმართა წამებას და ციხეებში არაადამიანურ მოპყრობას ეხება. მოწმის სტატუსით პროკურატურაში დაკითხვაზე დაბარებულია ასევე თავდაცვისა და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი. დიმიტრი შაშკინი ამჟამად ქვეყანაში არ იმყოფება, ის საქართველოში 28 აგვისტოს დაბრუნდება.