ეგვიპტეში შეტაკებისას 80 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტეში შეტაკებისას 80 ადამიანი დაიღუპა

სულ მცირე 80 ადამიანი ემსხვერპლა ეგვიპტის სხვადასხვა ქალაქში უსაფრთხოების ძალებსა და დემონსტრანტებს შორის მომხდარ შეტაკებებს. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. ეგვიპტის დროებითი ხელისუფლების განცხადებით, დაკავებულია 1 000-ზე მეტი ისლამისტი.

გავრცელებული ინფორმაციით, ეგვიპტის უსაფრთხოების ძალებმა ალყაში მოაქციეს მეჩეთი, სადაც "მუსლიმთა საძმოს" ასობით მხარდამჭერმა ღამე გაათია. თვითმხილველთა განცხადებით, მეჩეთში ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება.

ქაიროს გარდა, უსაფრთხოების ძალებმა დემონსტრანტების მიმართ ცეცხლსასროლი იარაღი ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გამოიყენეს.

"მუსლიმთა საძმოს" განცხადებით, ისინი არ აპირებენ აქციების შეწყვეტას, რომელსაც "მძვინვარების მარში" უწოდეს.

ეგვიპტეში შემქნილი ვითარების გამო ქვეყნის დროებითმა ხელისუფლებამ საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რამდენიმე ქალაქში კი კომენდანტის საათი მოქმედებს.

"მუსლიმთა საძმო" და მათი თანამოაზრეები ეგვიპტის ყოფილი პრეზიდენტის მოჰამედ მურსის პატიმრობიდან გათავისუფლებას და ქვეყნის სათავეში მის დაბრუნებას მოითხოვენ.

ბოლო დღეების ძალადობრივ შეტაკებას 600-ზე მეტი ადამიანი ემსხვრპლა.