მამუკა ღლონტი -

მამუკა ღლონტი - "მაესტრო" საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების გარეშეა დარჩენილი

ტელეკომპანია "მაესტრო" ამ ეტაპისთვის საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების გარეშეა დარჩენილი. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" არხის ერთ-ერთმა მფლობელმა, მამუკა ღლონტმა განუცხადა.

"ტელეკომპანია "იმედში" გადავიდნენ: თეა სიჭინავა, არხის თოქ-შოუების მთავარი პროდიუსერი, არხის საინფორმაციოს მთავარი რეჟისორი, პოლიტიკური განყოფილების თითქმის ყველა პროდუსერი. ამჟამად მოლაპარაკება მიმდინარეობს ნინო ჟიჟილაშვილთან და ეჭვი მაქვს, ძალიან ბევრ ადამიანთან, ვინც "მაესტროს" ეთერში ჩანს. ამ ეტაპისთვის "მაესტრო" საზოგადოებრივ-პოლიტიკური განყოფილების გარეშეა დარჩენილი და გამოცარიელებულია მთლიანად. ასევე ვიცი, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს საინფორმაციოს ჟურნალისტებთან, თუმცა ამას ვერ დავადასტურებ და არ მინდა ჭორაობა გამოვიდეს. იმედი მაქვს, რომ საინფორმაციოს მთავარი ბირთვი შენარჩუნდება, მაგრამ რაც შეეხება თოქ-შოუების განყოფილებას, ასეთი კატასტროფული ვითარება გვაქვს", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" მამუკა ღლონტმა.

მომხდარის მიზეზს ღლონტი "იმ ზედმეტ ფულში ხედავს, რომელიც "იმედს" ბიუჯეტში 16 მილიონის გადაუხდელობის გამო აქვს". მან აქვე აღნიშნა, რომ არც ერთ ჟურნალისტზე და არც ერთ იმ ადამიანზე, რომელიც "მაესტროდან" წავიდა, ნაწყენი არ არის და უშუალოდ მათთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ გააჩნია.

"ეს არის სისტემური შეტევა "მაესტროზე". ჩემთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ყველას წასვლა - ეს გავიგე ერთ დღეს, ერთი სატელეფონო ზარით. აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ახალ სატელევიზიო სეზონამდე რამდენიმე დღით ადრე. ფაქტიურად ცაიტნოტში ჩაგვაგდეს" - აცხადებს მამუკა ღლონტი.