"თუკი ვინმეა დაინტერსებული ციხეებთან დაკავშირებული მოვლენების გამოძიებით, პირველ რიგში ვარ მე", - აღნიშნული განცხადება სასჯელაღსრულებისა და პრობაციის ყოფილმა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ მთავარი პროკურატურის დატოვების შემდეგ გააკეთა.
ჟურნალისტებთან საუბრისას კალმახელიძემ რამდენჯერმე დააფიქსირა, რომ მზად არის ითანამშრომლოს გამოძიებასთან. ყოფილი მინისტრი პროკურატურის მხრიდან დასმულ კითხვებს არ აკონკრეტებს, მაგრამ აცხადებს, რომ ყველა მათი შეკითხვა იყო ადეკვატური და საჭირო. მისივე თქმით, დღევანდელი შეხვედრა პროკურატურაში არ იქნება ერთადერთი და სავარაუდოდ, მას აღნიშნულ უწყებაში მოსვლა კვლავ მოუწევს.
ხათუნა კალმახელიძემ დღეს ციხის ცნობილ, სკანდალურ ჩანაწერებზე გაამახვილა ყურადღება.
"ჩვენ ვნახეთ გარკვეული კადრები, რომელიც ჩემთვის ძალიან სამწუხარო და ძალიან შემზარავი იყო. მომხდარი უაღრესად განვიცადე და თუკი ვინმეა დაინტერესებული გამოძიებით, პირველ რიგში ვარ მე", - განუცხადა ჟურნალისტებს კალმახელიძემ.
მან აღნიშნა ისიც, რომ ციხეებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით მან პოლიტიკური პასუხისმგებლობა აიღო, როცა კადრების გავრცელების მეორე დღესვე მინისტრის თანამდებობა დატოვა.
გარდა ამისა, კალმახელიძემ მისი მინისტრობის პერიოდში პენიტენციალურ სისტემაში გატარებულ რეფორმებზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ სისტემაში არაერთი მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა.