მთავარი პროკურატურა თემურ ტაბაღუასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა თემურ ტაბაღუასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა თემურ ტაბაღუასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ: "მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გავრცელდა თემურ ტაბაღუას (სასჯელაღსრულების მე-10 დაწესებულების ყოფილი დირექტორი, ამჟამად ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელი) ვიდეო ჩანაწერი, სადაც ის საუბრობს პროკურატურის თანამდებობის პირების მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ზეწოლის შესახებ, თუმცა ამავე ჩანაწერში იგი არ ასახელებს, თუ რა ფაქტების აღიარებას ითხოვდნენ მისგან ბაჩანა ახალაიას წინააღმდეგ და ასევე არ ასახელებს, თუ რაში გამოიხატებოდა მის მიმართ განხორციელებული ზეწოლა. მიუხედავად აღნიშნულისა, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია განახორციელებს დაუყოვნებლივ სამსახურებრივ მოკვლევას და მოკვლევის შედეგებს განასაჯაროებს.

რაც შეეხება თავად თემურ ტაბაღუას შემხებლობას "სანდრო გირგვლიანის" საქმესთან, გამოძიებით დადგენილია, რომ 2006 წელს ს. გირგვლიანის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისათვის მსჯავდებული პირები: გ. ალანია, ალ. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა. აფციაური, სასჯელს იხდიდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-10 დაწესებულებაში, რომლის დირექტორიც 2006-2011 წლებში გახლდათ თემურ ტაბაღუა (ამჟამად მამა ნიკოლოზი).

თემურ ტაბაღუას დირექტორობის პერიოდში მსჯავრდებულები გ.ალანია, ალ. ღაჭავა, მ. ბიბილურიძე და ა. აფციაური იმყოფებოდნენ პატიმრობასთან შეუთავსებელ უკანონოდ პრივილეგირებულ მდგომარეობაში. კერძოდ, ისინი პერიოდულად ტოვებდნენ თავისუფლების აღკვეთის ადგილებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში იმყოფებოდნენ საკუთარ საცხოვრებელ სახლებში, სტუმრობდნენ ძველ სამუშაო ადგილს - შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს. ასევე, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი ყოფნისას მათ საცხოვრებელ ოთახებში იმართებოდა ღრეობები, მსჯავრდებულები იღებდნენ ალკოჰოლურ სასმელებს და სარგებლობდნენ სექსუალური მომსახურებით", – აღნიშნულია განცხადებაში.