ალექსანდრე კვიტაშვილი:  ლადო პაპავა ყველა პარამეტრით ლიდერი იყო

ალექსანდრე კვიტაშვილი: ლადო პაპავა ყველა პარამეტრით ლიდერი იყო

თსუ-ს ყოფილი რექტორის ალექსანდრე კვიტაშვილის განცხადებით, უნივერსიტეტის რექტორობის 13 კანდიდატს შორის ლადო პაპავა ყველა პარამეტრით ლიდერი იყო. ამის შესახებ ალექსანდრე კვიტაშვილმა ჟურნალისტებს უნივერსიტეტში არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ განუცხადა. თუმცა, მისივე თქმით, მისი არჩევანი შეიძლება სხვა ყოფილიყო.

"სამწუხაროდ, ის არჩევანი, რომელიც მე შეიძლება მქონოდა, იმ ადამიანმა საერთოდ არ წარმოადგინა თავისი საბუთები. წარმოდგენილ 13 კანდიდატთა შორის ლადო პაპავა ყველა პარამეტრით ლიდერი იყო. მარინა ჩიტაშვილის მიერ კანდიდატურის მოსხნამაც ეს სიტუაცია შექმნა", - დასძინა კვიტაშვილმა.

უკვე ყოფილმა რექტორმა ახალარჩეულ რექტორს გამარჯვება მიულოცა. აღნიშნა, რომ ითანამშრომლებს მასთან და საბუთებს გადააბარებს.

კვიტაშვილმა ასევე კომენტარი გააკეთა, თუ რატომ არ მიიღო არჩევნებში მონაწილეობა.

მისივე თქმით, 2010 წელს იგი აკადემიური საბჭოს 12-მა წევრმა აირჩია. იურიდიულად გამართლებული იყო, რომ მას, როგორც რექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მონაწილეობა მიეღო არჩევნებში, თუმცა ჩათვალა, რომ არ იქნებოდა სწორი მისი მე-13 ხმა ყოფილიყო გადამწყვეტი.

არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე რექტორობის კანდიდატმა ვლადიმერ პაპავამ აკადემიური საბჭოს 10 ხმა, ხოლო ირმა რატიანმა 2 ხმა მიიღო.