გიორგი მარგველაშვილი:  იმედი მაქვს, პრეზიდენტი ჩემს ფეხსაცმელებს არ დაადებს ვეტოს, რომ ვეღარ ვიმოძრაო

გიორგი მარგველაშვილი: იმედი მაქვს, პრეზიდენტი ჩემს ფეხსაცმელებს არ დაადებს ვეტოს, რომ ვეღარ ვიმოძრაო

"ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატს, განათლების ყოფილ მინისტრს, გიორგი მარგველაშვილს იმედი აქვს, რომ პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მის ფეხსაცმელს მაინც არ დაადებს ვეტოს.

ასე გამოეხმაურა მარგველაშვილი "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებზე ვეტოს დადების გადაწყვეტილებას. კანონპროექტი განათლების სამინისტროს საკანონდებლო ინიციატივას წარმოადგენდა.

"ჩემთვის ეს არის უკვე ნორმალური სამუშაო პროცესი. ყველაფერს, რასაც ვაკეთებ, პრეზიდენტი სააკაშვილი ვეტოს ადებს. ეს ყველაფერი უკვე კომიკური ხდება, რომ არ ვთქვათ - ტრაგიკომიკური. არ შეიძლება, ყველა ჩემს ნაბიჯს ვეტო დაადოს. იმედი მაქვს, რომ ბოლოს ჩემს ფეხსაცმელებს არ დაადებს ვეტოს, რომ ვეღარ ვიმოძრაო" - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ცნობისთვის, განათლების სამინისტროს კიდევ ერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელსაც მიხეილ სააკაშვილმა ხელი არ მოაწერა და ვეტო დაადო, "სამოქალაქო კოდექსში" განხორციელებული ცვლილებები იყო, რომლის საფუძველზეც უმაღლესი სასწავლებლებისთვის სამართლებრივი ფორმის შეცვლა გახდა შესაძლებელი.