ტელეწამყვანებმა თეა სიჭინავამ და ნინო ჟიჟილაშვილმა ტელეკომპანია "მაესტრო" დატოვეს და ”იმედში” გადავიდნენ. ტელეკომპანიაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი მამუკა ღლონტი "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს.
"სამწუხაროა, რომ ხელისუფლების ერთ-ერთმა ფრთამ, მას შემდეგ რაც ვერ შეძლო "მაესტროს" დამორჩილება, დაიწყო ჩვენს წინააღმდეგ ბრძოლა ”წესების გარეშე" და ცდილობს ”მაესტროს" როგორც ერთ-ერთი მსხვილი მედია მოთამაშის თამაშგარე დატოვებას. მინდა შევახსენო მათ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც დგას ტელეკომპანია " მაესტრო" მისი სიმყარის გარანტიაა
და თუ ჩვენი განადგურება ვერ შეძლო "ნაც. მოძრაობამ" სწორედ ამ ღირებულებების დამსახურებაა. ტყუილად გაქვთ ახალი ეროსის 'იმედი'. უფრო დაწვრილებით განცხადებას "მაესტრო” რამდენიმე დღეში გააკეთებს", - წერს ღლონტი.
როგორც ცნობილია, სიჭინავა და ჟიჟილაშვილი ტელეკომპანიაში 3%-იან წილს ფლობენ.