ბრალდებული პოლიციელების ადვოკატები თამაზ თამაზაშვილს მადლობას უხდიან

ბრალდებული პოლიციელების ადვოკატები თამაზ თამაზაშვილს მადლობას უხდიან

თამაზ თამაზაშვილის საქმეზე ბრალდებული პოლიციელების ადვოკატები პროკურატურის დღევანდელი გადაწყვეტილებით კმაყოფილები არიან და საქმეში დაზარალებულის სტატუსით ცნობილი გენერალ თამაზაშვილს გულისხმიერებისთვის მადლობას უხდიან. 

როგორც დღეს 6 ბრალდებული პოლიციელის წინასწარი პატიმრობიდან გირაოთი გათავისუფლებული გადაწყვეტილების შემდეგ ერთ-ერთი ყოფილი პოლიციელის გრიგოლ კვინიკაძის ადვოკატმა დარეჯან სილაგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თამაზ თამაზაშვილმა კეთილშობილური დამოკიდებულება გამოიჩინა ბრალდებულების მიმართ.

ადვოკატის განცხადებით, დაზარალებულზე ბევრია დამოკიდებული და იგი თავის დაცვის ქვეშ მყოფის სახელით თამაზაშვილს მადლობას უხდის.

"ჩემმა დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა საშინელი დანაშაული, უდანაშაულო ადამიანს ყალბი საბუთების საფუძველზე მოუხდა ერთი წელი ყველასთვის ცნობილ პირობებში- ციხეში ყოფნა. მიუხედავად ამისა, როგორც ქრისტიანმა კაცმა თამაზაშვილმა მათ შეუნდო დანაშაული. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ეს დანაშაული მომდინარეობდა ზედა დონეებიდან", - განაცხადა დარეჯან სილაგაძემ.

ადვოკატმა თავი შეიკავა იმ პირების დასახელებისგან, რომლებმაც მისი თქმით, კვინიკაძეს და დანარჩენ ბრალდებულებს თამაზაშვილის, მტკიცებულების ფალსიფიკაციის საფუძველზე, დაკავება განახორციელეს.

კიდევ ერთი ბრალდებულის, გოჩა ბაღათრიშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, პროკურატურის გადაწვეტილება დაკავებულებისათვის აღმკვეთი ღონისძიების შემსუბუქებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად სამარათლიანი და კანონიერია.

"დაკავების მომენტიდან ბრალდებულები თავს დამნაშავედ არ სცნობდნენ, რამდენიმე დღის წინ კი სრულად ითანამშრომლეს გამოძიებასთან და ჩადენილი დანაშაული აღიარეს. შესაბამისად, პროკურატურის გადაწყვეტილება მათთვის აღმკვეთი ღონისძიების შემსუბუქებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად კანონიერი იყო. მე ვესწრებოდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ყველა ჩვენებას და არავითარი ზეწოლა მასზე არ განხორციელებულა. მათ აღიარეს თუ ვის დავალებას ასრულებდნენ თამაზაშვილის დაკავებისას", - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

მანაც თავი შეიკავა იმ პირების დასახელებისგან, რომლებმაც ბრალდებულ პოლიციელებს დაავალეს თამაზაშვილის მტკიცებულების ფალსიფიკაციის საფუძველზე დაკავება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, 24 მაისს დაკავებულ 6 პოლიციელს გოჩა ბაღათრიშვილს, გოჩა ჩიტაიას, ზაზა ჭაიას, გრიგოლ კვინიკაძეს, ვლადიმერ გამრეკელიშვილსა და გივი კრავჩენკოს აღმკვეთი ღონისძიება პატიმრობა 1000-1000 ლარიანი გირაოთი შეეცვალათ. ჩამოთვლილი პოლიციელები ბრალდბეულები არიან გენერალ თამაზაშვილის დაკავებასა და მისთვის იარაღის ჩადებაში – პოლიტიკური მოტივით ანგარიშსწორების მიზნით.

თამაზ თამაზაშვილის 2011 წლის ოქტომბერში დააკავეს. პროკურატურის განცხადებით, მისი დაკავება პოლიტიკური მოტივით მოხდა.