მარინე ჩიტაშვილმა საკუთარი კანდიდატურა ლადო პაპავას სასარგებლოდ მოხსნა

მარინე ჩიტაშვილმა საკუთარი კანდიდატურა ლადო პაპავას სასარგებლოდ მოხსნა

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის კანდიდატმა მარინე ჩიტაშვილმა საკუთარი კანდიდატურა პროფესორ ლადო პაპავას სასარგებლოდ მოხსნა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ლადო პაპავას წარმომადგენელმა ირაკლი მურცხვალიძემ განუცხადა.

"რექტორობის კანდიდატმა მარნე ჩიტაშვილმა ვლადიმერ პაპავას მხარდაჭერის გამო მოხსნა კანდიდატურა, რაც დოკუმენტურად უკვე დადასტურებულია. მან ეს გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მიაჩნია, ლადო პაპავა უნივერსიტეტისთვის ღირსეული რექტორი იქნება", - განაცხადა მურცხვალიძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს თსუ ახალ რექტორს აირჩევს.

არჩევნებში 13 კანდიდატი - ვლადიმერ პაპავა, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე მიიღებს მონაწილეობას.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თსუ-ის ასოცირებული პროფესორის დავით ბოსტოღანაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბანი 13:30 საათზე გაიხსნება, კენჭისყრა კი 14:00 საათზე დაიწყება და 16.00 საათამდე გასტანს.

საარჩევნო კომისიის 9 წევრიდან 7 თსუ-ის თანამშრომელია, ხოლო 2 წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების (საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "ახალი თობა-დემოკრატიული არჩევნები") წარმომადგენელი. საარჩევნო პროცესს 9 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდებიან.

ახალი რექტორი აირჩევა ფარული კენჭისყრით. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს - 7 ხმას მიიღებს.