თსუ-ს წინ სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

თსუ-ს წინ სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან 20-მდე სტუდენტი მშვიდობიან საპროტესტო აქციას მართავს. ისინი უნივერსიტეტში დღეს რექტორის არჩევნების საკითხთან დაკავშირებით შეიკრიბნენ და აცხადებენ, რომ უნივერისტეტი თავისუფალი უნდა იყოს. მათ თან ტრანსფარანტებიც აქვთ მოტანილი წარწერით: "თავისუფლება უნივერსიტეტს, არა პარტიულ გავლენებს", "აკადემიური საბჭოს წევრებო, თქვენ ანგარიშვალდებული და პასუხისმგებელი ხართ ჩვენი, საუნივერსიტიტო საზოგადოების წინაშე", "არა, პოლიტიზირებულ აკადემიურ საბჭოს" და სხვა. 

როგორც "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტმა, ლევან ლორთქიფანიძემ განაცხადა, კითხვის ქვეშ დგას აკადემიური საბჭოს 12 წევრის ლეგიტიმაციის საკითხი, ვინაიდან საუნივერსიტეტო საზოგადოება ითვლის 23 000 ადამიანს.

"უპირველესად კითხვის ქვეშ ვაყენებთ აკადემიური საბჭოს ლეგიტიმაციის საკითხს, რადგან 23 000-იან საუნივერსიტეტო საზოგადოებას 12 კაცი ვერ წარმოადგენს, ეს არის არარეპრეზენტაბელური. საყოველთაოდ ლეგიტიმირებული ისინი ვერ იქნებიან, ისინი ანგარიშვალდებულები არიან ჩვენი, საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე და ისინი არ უნდა იყვნენ პარტიული გავლენის ქვეშ მოქცეული", - განაცხადა ლევან ლორთქიფანიძემ.

"ინტერპრესნიუსთან" საუბრისას სტუდენტმა ბათუ კოპალიანმა განაცხადა, რომ დღეს შეკრებილი სტუდენტები რექტორობის მსურველ სხვადასხვა წარმომადგენლებს უჭერენ მხარს, თუმცა აღნიშნული საკითხი მეორეხარისხოვანია და მთავარი მაინც აკადემიური საბჭოს 12 წევრის ლეგიტიმაციის საკითხია.

ბათუ კოპალიანის განცხადებით, აკადემიურ საბჭოს 12 წევრს უფლება არ აქვს, განსაზღვროს საუნივერსიტეტო პროცესები.