თსუ-ში საარჩევნო უბანი უკვე გაიხსნა

თსუ-ში საარჩევნო უბანი უკვე გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საარჩევნო უბანი უკვე გაიხსნა. თსუ-ში ახალი რიგით 28-ე რექტორის არჩევნები იმართება. არჩევნებზე რეგისტრირებული 14 კანდიდატიდან კენჭს იყრის 13 კანდიდატი - ვლადიმერ პაპავა, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე. 

კიდევ ერთმა კანდიდატმა, მარინა ჩიტაშვილმა ლადო პაპავას სასარგებლოდ კანდიდატურა მოხსნა.

საარჩევნო კომისიის ცხრა წევრიდან შვიდი თსუ-ს თანამშრომელია, ორი კი არასამთავრობო ორგანიზაციების - "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს", "ახალი თობა-დემოკრატიული არჩევნების" წარმომადგენელია. საარჩევნო პროცესს ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება.

ახალი რექტორი ფარული კენჭისყრით ირჩევენ. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს - შვიდ ხმას მიიღებს. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო შვიდი ხმა, მაშინ მეორე ტურში მონაწილეობას ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს. არჩეული რექტორი უფლებამოსილების შესრულებას აკადემიური საბჭოს მიერ ოქმის დამტკიცების შემდეგ შეუდგება.

თსუ-ს რექტორის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით აკრედიტაცია შემდეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაიარეს: "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი", "საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი", "ახალგაზრდა ადვოკატები", "თავისუფალ სტუდენტთა კავშირი", "თავისუფალი არჩევანი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე".

რექტორის არჩევნების პარალელურად, სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აქციას მართავს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თსუ-ს სტუდენტმა, ლევან ლორთქიფანიძემ განუცხადა, აქცია იქნება მშვიდობიანი, რომელზეც შეიძლება სიტყვით გამოსვლები არ იყოს. "მხოლოდ პლაკატებზე იქნება ჩვენი შეხედულებები დაფიქსირებული", – აცხადებს ლორთქიფანიძე.

მისი ცთქმით, 20 ათასი სტუდენტის აზრს 12-წევრიანი აკადემიური საბჭო არ უნდა გამოხატავდეს.

მისივე განმარტებით, საბჭოს 12 წევრი დაკომპლექტებულია ადეიშვილის ყოფილი მოადგილით, ყოფილი დეპუტატით, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაჟორიტარით და სხვადასხვა სამინისტროების ყოფილი თანამშრომლებით.