ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით არ იძებნება

ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით არ იძებნება

იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს სამართალდამცველების მიერ, შემდგომი ექსტრადიციისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით არ იძებნება. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის (GIEV) მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

"საქართველოს შს სამინისტროს ვებ გვერდზე განთავსებულ ინტერპოლის ძებნილთა სიის გაცნობის შედეგად, აღმოჩნდა, რომ საქართველოს იუსტიციის ყოფილი მინისტრი, ბატონი ზურაბ ადეიშვილი საქართველოს სამართალდამცველების მიერ, შემდგომი ექსტრადიციისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით არ იძებნება.

იმ ფონზე, როდესაც ოფიციალური პირების განცხადებებში ადეიშვილის შესახებ, მის მოქმედებებში იკვეთება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილი დანაშაულის ნიშნები და როდესაც საქართველოს პრეზიდენტმაც არაერთხელ დაადასტურა სატელევიზიო ინტერვიუებში, რომ არსებობს კონკრეტული კითხვები ადეიშვილის მიმართ, ასეთი მიდგომა გაუგებარია და შესაბამისად, ბადებს საფუძვლიან ეჭვებსა და კითხვებს, კერძოდ:

1. მიმდინარეობს თუ არა გამოძიება ზურაბ ადეიშვილის მიერ შესაძლო დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით?

2. დადებით შემთხვევაში რა მუხლებით?

3. არის თუ არა იგი დაუსწრებლად მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში?

4. რატომ არ არის გამოცხადებული საერთაშორისო ძებნაში ინტერპოლის წითელი ცირკულარით?

5. არის თუ არა ცნობილი მისი ადგილსამყოფელი და მიმდინარეობს თუ არა მისი ექსტრადიციისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება?
საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტი იმედს გამოთქვავს, რომ ზემოხსენებული კითხვები არ დარჩება უპასუხოდ", - ნათქვამია საქართველოს ევროპულ ფასეულობათა ინსტიტუტის განცხადებაში.