გიორგი მარგველაშვილი მინისტრობიდან იმიტომ გადადგა, რომ პასუხისმგებლობას გაექცა

გიორგი მარგველაშვილი მინისტრობიდან იმიტომ გადადგა, რომ პასუხისმგებლობას გაექცა

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის სერგო რატიანის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი განათლების მინისტრის თანამდებობიდან იმიტომ გადადგა, რომ განათლების სამინისტროს პრობლემებზე პასუხისმგებლობას გაექცა. 

ამ განცხადებით სერგო რატიანი დღეს პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელიც "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში განხორციელებული ცვლილებებისთვის ვეტოს დადებას შეეხება. აღნიშნული კანონპროექტი სწორედ განათლების სამინისტროს საკანონმდებლო ინიციატივას წარმოადგენდა და მას პრეზიდენტმა ვეტო დაადო.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა სერგო რატიანმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის შენიშვნა შეეხება პუნქტებს, რომლითაც ახალი თაობის მეცნიერთა უფლებები იზღუდება და პრობლემა ექმნება უნივერსიტეტის ავტონომიურობასა და განვითარებას. გარდა ამისა, როგორც რატიანი აცხადებს, პრეზიდენტის შენიშვნები შეეხება კანონპროექტის იმ ნაწილს, რომლითაც დოქტორანტებს ერთმეოდათ უფლება გამხდარიყვნენ ასისტენტ-პროფესორები, ხოლო მოქმედ ასისტენტ-პროფესორებს, რომლებსაც დოქტორანტის აკადემიური ხარისხი აქვთ, ერთმეოდა რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევის უფლება.

მისივე თქმით, პრეზიდენტის ვეტო კანონპროექტის იმ მუხლებსაც შეეხება, რომელიც უნივერისტეტებს უკრძალავდა დეკანად აერჩია სხვა წარმატებული უნივერისტეტის მეცნიერი. პრეზიდენტის შენიშვნა ასევე ეხება პუნქტს, რომლის გამოც სერგო რატიანის თქმით, უნივერსიტეტები რექტორად ვერასდროს მოიწვევენ წამყვანი უნივერისტეტებიდან წარმატებულ მეცნიერებს, მათ შორის უცხოეთში მოღვაწე ქართველებს, რადგან კანონი უწესდება უნივერისტეტების რექტორს ხელფასის ზღვრულ კოეფიციენტებს, რითაც უნივერისტეტის ავტონომიაში ხორციელდებოდა ჩარევა.

კიდევ ერთი შენიშვნა ეხება პროექტის ნაწილს, რითაც ადმინისტრაციის ხელმძღვანელს ეკრძალებოდა აკადემიური თანამდებობის დაკავება, რაც სერგო რატიანის განმარტებით, პარადოქსია, რადგან საქართველოს კანონმდებლობით აკადემიური თანამდებობა თავსებადია ნებისმიერ მოღვაწეობასთან.

"აქედან გამომდინარე, მარგველაშვილი გადადგა განათლების მინისტრის თანამდებობიდან არა იმიტომ რომ მოერიდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებას, არამედ იმიტომ რომ გაქცეოდა განათლების სამინისტროს პრობლემების პასუხისმგებლობას. აქვე შეგახსენებთ, რომ წელს მასწავლებელთა და აბიტურიენტთა უპრეცედენტო რაოდენობა ჩაიჭრა და ეს პასუხიმგებლობა მარგველაშვილს ეკისრება. ამ ფონზე მინდა მივულოცო თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტს, თითოეულ პროფესორს და სტუდენტს, რომ მათ შეძლეს დაეცვათ საკუთარი ავტომონია და ეძლევათ საშუალება თავად აირჩიონ საკუთარი რექტორი", - განაცხადა დღევალდელ პრესკონფერენციაზე სერგო რატიანმა.