თამაზ თამაზაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თამაზ თამაზაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს 1000-ლარიანი გირაო შეეფარდა

გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე გამოვლენილ სამ ბრალდებულს, რომლებიც ყოფილი პოლიციელები არიან, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით აღმკვეთ ღონისძიებად 1000-1000 ლარის გირაო შეეფარდა. 

აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე შორენა გუნცაძემ პროკურორ ია დარჯანიას შუამდგომლობის საფუძველზე მიიღო. პროკურორმა საქალაქო სასამართლოში აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებულ პროცესზე დააყენა შუამდგომლობა, რომ ბრალდებულების ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სამივე ბრალდებულს, გიორგი ხიზანიშვილს, ირაკლი ქოპილაშვილსა და კახეთის კუდ-ის უფროს ზურაბ ლალიაშვილს აღმკვეთ ღონისძიებად 1000-1000 ლარიანი გირაო შეფარდებოდათ. აღნიშნული შუამდგომლობა მისაღები აღმოჩნდა დაცვის მხარისთვის, ბრალდებულები და მათი ადვოკატები პროკურატურის შუამდგომლობას სრულად დაეთანხმნენ, რის შემდეგაც მოსამართლემ შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

ბრალდების ინფორმაციით, დადგენილია, რომ შს სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით თამაზ თამაზაშვილისთვის დანაშაულის დაბრალების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ჩადების ოპერაციის ორგანიზებასა და ინფორმაციულ უზრუნველყოფაში, მათ შორის მისი საუბრების უკანონო მიყურადებაში ჩართული იყვნენ ბრალდებულები, ქალაქ თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი გიორგი ხიზანიშვილი, ირაკლი ქოპილაშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონული დანაყოფის უფროსი ზურაბ ლალიაშვილი.

აღნიშნულ სამ პირს ბრალი მიმდინარე წლის 14 აგვისტოს წარედგინათ. ბრალდებულებმა სასამართლო პროცესის არც დაწყებამდე და არც დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. მხოლოდ კახეთის კუდ-ის ყოფილი უფროსის ზურაბ ლალიაშვილის ადვოკატმა მამუკა მიროტაძემ გააკეთა მცირე კომენტარი და განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს სრულად აღიარებს და გამოძიებასთან თანამშრომლობს. ამასთან, როგორც დღევანდელ პროცესზე პროკურორმა ია დარჯანიამ განაცხადა, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

თამაზაშვილის საქმეზე, აღნიშნული სამი პირის გარდა, აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების პირობებში კიდევ 6 ყოფილი პოლიციელია ბრალდებული. პატიმრობაში მყოფი 6 პოლიციელისთვის აღმკვეთი ღონისძიების შემსუბუქების საკითხს სასამართლო, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დღესვე განიხილავს.