პრეზიდენტმა

პრეზიდენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში ცვლილებებს ვეტო დაადო

პრეზიდენტმა "უმაღლესი განათლების შესახებ" კანონში პარლამენტის მიერ შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო. საუბარია კანონპროექტზე, რომელიც თავის დროზე პარლამენტში საკმაოდ ხმაურიანი განხილვის საგანს წარმოადგენდა. ვეტოს დადების შესახებ ინფორმაცია ”ინტერპრესნიუსს” საპარლამენტო უმცირესობის წევრემა, სერგო რატიანმა დაუდასტურა. 

კანონპროექტი განათლების სამინისტრომ მოამზადა. პროექტის თანახმად, აკადემიური პერსონალის შემადგენლობას ასისტენტის აკადემიური თანამდებობა ემატება, რომელიც სასემინარო და კვლევით სამუშაოებს განახორციელებს.

პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებებით, უმაღლესი სასწავლებლების რექტორებსა და დეკანებს დოქტორის, ან მასთან გათანებრებული აკადემიური ხარისხის ფლობა მოეთხოვებათ, რასაც კანონი სადღეისოდ არ ითვალისწინებს.

პროექტის ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ნაწილი იყო პუნქტი, რომლის თანახმადაც, რექტორის მოვალეობის შემსრულებლები პრემიერ-მინისტრს უნდა დაენიშნა. განათლების სამინისტროს ამ შეთავაზებას მოწინააღმდეგეები უმრავლესობაშიც აღმოაჩნდა. საბოლოოდ პროექტში ცვლილებები განხორციელდა და პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო ნორმის თანახმად, რექტორის მოვალეობის შემსრულებელს აირჩევს საარჩევნო კოლეგია, რომლის შემადგენლობაში ყველა ის პირი შევა, ვისაც უნივერსიტეტში აქვს აკადემიური, ან სამეცნიერო თანამდებობა და ფლობს დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

ამავე ცვლილებების ფარგლებში განისაზღვრა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის, ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისა და დეკანის თანამდებობრივი სარგოს გაანგარიშების წესი.