ბაჩო ახალაიას ადვოკატების ინფორმაციით, მღვდელს ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულეს

ბაჩო ახალაიას ადვოკატების ინფორმაციით, მღვდელს ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულეს

ბაჩო ახალაიას ადვოკატების განცხადებით, ავჭალის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელს, მამა ნიკოლოზს გამომძიებელმა კახა ჭუმბაძემ ახალაიას წინააღმდეგ ჩვენების მიცემა აიძულა. ადვოკატებმა ვიდეო-მასალა გაავრცელეს, სადაც მამა ნიკოლოზი ზეწოლაზე საუბრობს.

როგორც ადვოკატმა, მალხაზ ველიჯანაშვილმა განაცხადა, მამა ნიკოლოზს აიძულეს ხელი მოეწერა ისეთ დოკუმენტზე, რომლის მიხედვითაც, თითქოს, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებული პირები სხვა პატიმრებთან შედარებით ახალაიას რეკომენდაციით უკეთეს პირობებში იხდიდნენ სასჯელს.

ახალაიას ადვოკატმა, რომეო საჯაიამ კი აღნიშნა, რომ 13 აგვისტოს ქალაქის პროკურატურაში მამა ნიკოლოზი დაიბარეს.

"გამომძიებელი დაჭერის მუქარით, იძულებითა და შანტაჟით ცდილობდა მამა ნიკოლოზს ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ მიეცა ცრუ ჩვენება , - განაცხადა საჯაიამ.

ადვოკატები ითხოვენ, დაიწყოს ამ საკითხის გამოძიება და პასუხისგებაში მიეცნენ ის პირები, ვინც მამაოზე ზეწოლა განახორციელა.

ვიდეოჩანაწერში მამა ნიკოლოზი აცხადებს, რომ როდესაც კახა ჭუმბაძის სამუშაო ოთახში შევიდა, იქ სხვა გამომძიებლებიც იყვნენ, დაახლოებით 4 პირი და საუბარი შედგა. მისი თქმით, მისი დაკითხვა მთელი დღის განმავლობაში მიმდნარეობდა.

"ისინი ითხოვდნენ ჩვენების მიცემას. ჩვენება შეეხებოდა ალანია, ღაჭავა, ბიბილურიძე, აფციაურის სასჯელის მოხდის პერიოდს. ისინი ითხოვდნენ ჩემგან არარსებული ფაქტების დადასტურებას, რომ ცრუ ჩვენება მიმეცა ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ", - აცხადებს მამა ნიკოლოზი.

მისი თქმით, 4 პირი მასზე დამაბნეველი კითხვებით ზემოქმედებდა. "პირდაპირ, მუქარით მითხრეს, რომ თუ არ მოხერხდებოდა იმ ფაქტების დადასტურება, რაც მათ აწყობდათ, მოხდებოდა ციხის ყოფილი თანამშრომლის, 7 პირის, მათ შორის ჩემი დაკავება", - განაცხადა მამა ნიკოლოზმა.

მისივე თქმით, მან ცრუ ჩვენებას ხელი მოაწერა.