თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

თამაზ თამაზაშვილის საქმეზე დაკავებულ პირებზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

გენერალ თამაზ თამაზაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ ყოფილ პოლიციელს აღმკვეთ ღონისძიებას დღეს შეუფარდებენ, ექვსი პოლიციელის მიმართ კი, რომლებიც უკვე პატიმრობაში იმყოფებიან, პროკურატურა აღმკვეთი ღონისძიების შემსუბუქებას დღეს მოითხოვს. 

საქალაქო სასამართლოში თამაზაშვილის საქმეზე ბრალდებულების - გიორგი ხიზანიშვილის, ირაკლი ქოპილაშვილის და კონსტიტუციური უსაფრთოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური დანაყოფის უფროსის ზურაბ ლალიაშვილის აღმკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო 11:30 საათზე იმსჯელებს.

13:00 საათზე კი ჩანიშნულია პროცესი, სადაც პროკურატურის შუამდგომლობა უნდა განიხილონ ყოფილი პოლიციელების: გოჩა ბაღათრიშვილის, გოჩა ჩიტაიას, ზაზა ჭაიას, გრიგოლ კვინიკაძის, ვლადიმერ გამრეკლიშვილის და გივი კრავჩენკოსთვის აღმკვეთი ღონისძიების - პატიმრობის შემსუბუქებასთან დაკავშირებით.

მთავარმა პროკურატურამ შს მინისტრის სიმამრის, თამაზაშვილის დაკავებისა და ჩხრეკის ოპერაციაში მონაწილე ყოფილი პოლიციელები მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის, განზრახ უკანონო დაკავებისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე 24 მაისს დააკავა.

15 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე კი, პროკურორმა კოკა კაციტაძემ განაცხადა, რომ დაკავებულებმა გამოძიებასთან ითანამშრომლეს, რის გამოც, პროკურატურა მათი აღმკვეთი ღონისძიების შემსუბუქების შუამდგომლობას დააყენებს სასამართლოში.

"მთავარმა პროკურატურამ დაასრულა გამოძიება გენერალ თამაზ თამაზაშვილის განზრახ უკანონო დაკავებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე, რასაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი დანაშაულის მონაწილეების, მათ შორის, მისი უშუალო ამსრულებლების, პატიმრობაში მყოფი, ქ.თბილისის პოლიციის ყოფილი თანამშრომლების - გივი კრავჩენკოს, გრიგოლ კვინიკაძის, ზაზა ჭაიას, ვლადიმერ გამრეკელაშვილის, გოჩა ჩიტაიას და გოჩა ბაღათრიშვილის საგამოძიებო ორგანოებთან აქტიურმა თანამშრომლობამ. შესაბამისად, დანაშაულის სრულად გახსნის საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, მიღებულია გადაწყვეტილება, დასახელებული პირების მიმართ უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების შესახებ. ბრალდებულების აღიარებითი ჩვენებებისა და მათი ქმედითი დახმარებით შეკრებილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე უდავოდ დადასტურებულია, რომ 2011 ოქტომბერში, თამაზ თამაზაშვილის დაკავება განხორციელდა პოლიტიკური მოტივით, კახეთის რეგიონში მისი ელექტორალური შესაძლებლობების განეიტრალებისა და ზოგადად, იმდროინდელი ოპოზიციური მოძრაობის დისკრედიტაციისა და დაშინების მიზნით", - განაცხადა გამართულ ბრიფინგზე პროკურორმა.

მისი ინფორმაციით, დადგენილია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობის დავალებით, თამაზ თამაზაშვილისათვის დანაშაულის დაბრალების მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების "ჩადების" ოპერაციის ორგანიზებასა და ინფორმაციულ უზრუნველყოფაში, მათ შორის, მისი სატელეფონო საუბრების უკანონო მიყურადებაში ჩართული იყვნენ ამჟამად ბრალდებულები: ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს ყოფილი უფროსი, გიორგი ხიზანიშვილი, ირაკლი ქოპილაშვილი, აგრეთვე, კონსტიტუციური უსაფრთოების დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური დანაყოფის უფროსი, ზურაბ ლალიაშვილი.