ფოთის პროკურატურასთან ადვოკატმა შიმშილობა დაიწყო

ფოთის პროკურატურასთან ადვოკატმა შიმშილობა დაიწყო

ფოთში, კერძო მსესხებლებისგან დაზარალებული მანანა კოკაიას ადვოკატმა, ნუგზარ ჩუხუამ ფოთის რაიონულ პროკურატურასთან შიმშილობა დაიწყო. ჩუხუას განცხადებით, თაღლითური გარიგების საფუძველზე მისი დაცვის ქვეშ მყოფი საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩა. მისივე ინფორმაციით, ფოთის რაიონულმა პროკურატურამ აღნიშნული საქმის განხილვა გამსესხებლების სასარგებლოდ სპეციალურად გააჭიანურა.

"უკვე მერვე თვეა, გამოძიება მიმდინარეობს. პროკურორი და მისი მოადგილე მეუბნება, რომ საქმეს მაშინ დაასრულებენ, როცა მოუნდებათ. გამოძიება დროულად რომ დასრულებულიყო, მანანა კოკაიას სახლიდან გამოსახლება არ დაემუქრებოდა. თუმცა, ეს კეთდება ხელოვნურად, რადგან ხელს აფარებენ კერძო მეპროცენტეებს",-აცხადებს ჩუხუა, რომელიც შიმშილობის უვადოდ გაგრძელებას აპირებს.

ჩუხუას ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს ფოთის პროკურორი ალექსანდრე გოგუაძე.

"განცხადება იყო შემოსული მანანა კოკაიას, რომ აიღო იპოთეკური სესხი და დავობდნენ, რომ თაღლითობას ქონდა ადგილი. დავკითხეთ, ვინც იყო დასაკითხი, ამოვიღეთ დოკუმენტები. არ დადასტურდა თაღლითობა და საქმე შევწყვიტეთ",-აცხადებს პროკურორი.

ამასთან, ადვოკატ ჩუხუას განცხადებით, თუ ხელახალი გამოძიება არ დაიწყება, შიმშილობის აქციას სხვა დაზარალებულებიც შეუერთდებიან.