სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი აქციას გამართავს

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი აქციას გამართავს

სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფი დღეს, თსუ-ს პირველი კორპუსის წინ აქციას გამართავს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თსუ-ს სტუდენტმა, ლევან ლორთქიფანიძემ განუცხადა. მისი თქმით, აქცია პირველი კორპუსის კიბეებთან 13:30 საათზე დაიწყება. "აქცია იქნება მშვიდობიანი, რომელზეც შეიძლება სიტყვით გამოსვლები არ იყოს, მხოლოდ პლაკატებზე იქნება ჩვენი შეხედულებები დაფიქსირებული", – აცხადებს ლორთქიფანიძე.

მისივე თქმით, 20 ათასი სტუდენტის აზრს 12 წევრიანი აკადემიური საბჭო არ უნდა გამოხატავდეს.

"ჩვენ მივიჩნევთ, რომ ეს აკადემიური საბჭო ნაკლებად ლეგიტიმიურია და მხოლოდ 12 კაცი არ უნდა ირჩევდეს უნივერსიტეტის რექტორს, აქედან გამომდინარე, ჩვენი შეკრებით გვინდა ვაგრძნობინოთ აკადემიური საბჭოს წევრებს, რომ ისინი არიან ანგარიშვალდებული საუნივერსიტეტო საზოგადოების წინაშე. შევეცდებით, რომ ეს პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება დღეს შევახენოთ ამ საბჭოს", – აღნიშნა ლევან ლორთქიფანიძემ.

მისივე განმარტებით, საბჭოს 12 წევრი დაკომპლექტებულია ადეიშვილის ყოფილი მოადგილით, ყოფილი დეპუტატით, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაჟორიტარით და სხვადასხვა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლებით.

"ჩვენ ვიცით, რომ ისინი არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულები, პოლიტიკურად მოტივირებულები, მაგრამ მათ ახლა ეძლევათ უნიკალური შანსი დაგვიმტკიცონ საუნივერსიტეტო საზოგადოების წევრებს, რომ არიან ღირსეული ადამიანები და ზეწოლის არასებობის შემთხვევაში შეუძლიათ თავისუფალი გადაწყვეტილების მიღება", – აცხადებს ლევან ლორთქიფანიძე.

მისივე განცხადებით, თსუ-ს რექტორის არჩევნებთან დაკავშირებით მოლოდინი მძიმეა, თუმცა იმედოვნებს, რომ საბჭო ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს.

"მათ მხარი არ უნდა დაუჭირონ იმ კანდიდატს, რომელიც თავიდან ბოლომდე დაკავშირებულია კონკრეტულ პოლიტიკურ წრეებთან, ვგულისხმობ ირმა რატიანს. იგი "ნაციონალური მოძრაობის" უნივერსიტეტში შემოჭრის შემდეგ დაწინაურდა ყველა შესაძლო ადმინისტრაციულ და აკადემიურ თანამდებობაზე, შესაბამისად, ბევრის აზრით, მისი ხელახლა არჩევა კიდევ უფრო მაღალ თანამდებობაზე, იქნება იმის დეკლარირება, რომ აკადემიურმა საბჭომ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური გავლენა დააკანონოს კიდევ 4 წლით უნივერსიტეტის შიგნით," – განმარტავს ლევან ლორთქიფანიძე.

თსუ-ში რექტორის არჩევნები ხვალ გაიმართება. როგორც უნივერსიტეტში აცხადებენ, ახალი რექტორი ფარული კენჭისყრით აირჩევა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტ ხმას მიიღებს. რექტორის არჩევნებს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც დააკვირდებიან.

თსუ-ის აკადემიურმა საბჭომ რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი 2013 წლის 12 ივნისს გამოაცხადა.