ნინო ბურჯანაძე NDI-ს დამკვირვებლებს შეხვდა

ნინო ბურჯანაძე NDI-ს დამკვირვებლებს შეხვდა

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ნინო ბურჯანაძე NDI-ს მიერ მოვლენილ გრძელვადიან დამკვირვებლებს შეხვდა. შეხვედრას ესწრებოდნენ ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის თავმჯდომარე, ირაკლი ბათიაშვილი და პარტიისა და შტაბის სხვა წარმომადგენლები. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" "დემოკრატიული მოძრაობიდან" აცნობეს, შეხვედრაზე საუბარი შეეხო მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებს, ქვეყანაში შექმნილ საარჩევნო გარემოს და მიმდინარე საარჩევნო კამპანიას.

როგორც ნინო ბურჯანაძემ აღნიშნა, წინა წლებისაგან განსხვავებით საარჩევნო გარემოს და კანონმდებლობის კუთხით ბევრი არაფერი შეცვლილა და არსებული საარჩევნო გარემო ძალიან შორსაა დემოკრატიული და პლურალისტური საარჩევნო გარემოსაგან.

"თუმცა, ბუნებრივია, "ნაციონალური მოძრაობის" საპარლამენტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ ქვეყანაში აღარ არის რეჟიმი და საზოგადოებაში მოხსნილია შიში, რომელსაც წლების მანძილზე ნერგავდა წინა ხელისუფლება; ასევე, აღარ მიმდინარეობს პოლიტიკური ნიშნით საქართველოს მოქალაქეების დევნა. ეს, რა თქმა უნდა, პოზიტიურია, თუმცა არასაკმარისი იმისათვის, რომ ქვეყანაში ჩატარდეს რეალურად დემოკრატიული და თავისუფალი არჩევნები", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, სასამართლო ისევ არ არის თავისუფალი და კვლავ რჩება "ნაციონალური მოძრაობის" გავლენის ქვეშ, ცესკო დაკომპლექტებულია მხოლოდ სახელისუფლო პარტიების წარმომადგენლებით.

"საარჩევნო კანონმდებლობა მოითხოვს სერიოზულ ცვლილებებს, ხოლო ის ცვლილებები, რომელიც შეიტანა ახალმა ხელისუფლებამ პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში, ძალიან შორსაა იმისგან, რომ ყველა პოლიტიკური ძალა თანაბარ მდგომარეობაში იქნას ჩაყენებული საკანონმდებლო დონეზე. ამის მაგალითია ბოლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც საბიუჯეტო დაფინანსების გარეშე დარჩა ერთადერთი პოლიტიკური ძალა "დემოკრატიული მოძრაობა", ხოლო საპარლამენტო პარტიებს პრაქტიკულად გაუოთხმაგდათ დაფინანსება. იმის გამო, რომ საარჩევნო კანონმდებლობა არასამართლიანია, ჩვენს პარტიას, "დემოკრატიულ მოძრაობას" არ ექნება უფასო საეთერო დრო ტელევიზიით საკუთარი სარეკლამო რგოლის გასაშვებად, ხოლო პოლიტიკური რეკლამის ფასი კოლოსალურია და ჩვენ მისი გადახდის საშუალება არ გვაქვს", – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" წარმომადგენლებმა აღნიშნეს, უცნაურია, რომ ცნობილი 8-იანის ფორმატში მონაწილე პოლიტიკური პარტიების უდიდესი უმრავლესობა ახლა ხელისუფლებაშია წარმოდგენილი და მათ მიერ გატარებული საკანონმდებლო ცვლილებები აბსოლუტურად არ ითვალისწინებს და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება კიდეც, მათივე მოთხოვნებს, რომლებსაც ისინი ოპოზიციაში ყოფნისას 8-იანის ფორმატში უყენებდნენ მაშინდელ ხელისუფლებას.

"საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ მაშინ ეს პარტიები ერთმნიშვნელოვნად აყენებდნენ ეჭვის ქვეშ სამართლიანი არჩევნების ჩატარების საშუალებას აღნიშნული ცვლილებების გარეშე, რაშიც მათ "დემოკრატიული მოძრაობაც" ეთანხმებოდა.

ითქვა, რომ ნინო ბურჯანაძის შტაბის წარმომადგენლებს საარჩევნო პერიოდში ინტენსიური კონტაქტი ექნებათ NDI-ს გრძელვადიან დამკვირვებლებთან, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ ჩვენს ქვეყანაში როგორც წინასაარჩევნო პერიოდს, ისე უშუალოდ არჩევნებს", - აცხადებენ "დემოკრატიულ მოძრაობაში".