თსუ ხვალ ახალ რექტორს აირჩევს

თსუ ხვალ ახალ რექტორს აირჩევს

თსუ ხვალ ახალ რექტორს აირჩევს. როგორც "ინტერპრესნიუსს" ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, არჩევნებზე რეგისტრირებული 14 კანდიდატიდან 13 კანდიდატი (ვლადიმერ პაპავა, გიორგი ქავთარაძე, გიორგი ბარამიძე, ილია თავხელიძე, ცირა ბარამიძე, მერაბ ცაგარელი, ირმა რატიანი, მედეა ჩუხუა, მარინა მუსხელიშვილი, მანანა ხაჩიძე, ინესა მერაბიშვილი, ნონა წოწერია და დავით გოცირიძე) მიიღებს მონაწილეობას. რეგისტრირებულმა კანდიდატმა, მარინე ჩიტაშვილმა 14 აგვისტოს საარჩევნო კომისიას კანდიდატურის მოხსნის განცხადებით მიმართა.

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თსუ-ს ასოცირებული პროფესორის დავით ბოსტოღანაშვილის განცხადებით, "საარჩევნო უბანი 13:30 საათზე გაიხსნება, კენჭისყრა 14:00 საათზე დაიწყება და 16:00 საათამდე გასტანს. საარჩევნო კომისიის ცხრა წევრიდან შვიდი თსუ-ს თანამშრომელია, ხოლო ორი წევრი არასამთავრობო ორგანიზაციების ("საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო", "ახალი თობა-დემოკრატიული არჩევნები") წარმომადგენელი. საარჩევნო პროცესს ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები დააკვირდება".

ახალი რექტორი ფარული კენჭისყრით აირჩევა. არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს - შვიდ ხმას მიიღებს. თუ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო შვიდი ხმა, მაშინ მეორე ტურში მონაწილეობას ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი მიიღებს. არჩეული რექტორი უფლებამოსილების შესრულებას აკადემიური საბჭოს მიერ ოქმის დამტკიცების შემდეგ შეუდგება.

თსუ-ს რექტორის არჩევნებზე დაკვირვების მიზნით აკრედიტაცია შემდეგმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაიარეს: "საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი", "საარჩევნო გარემოს განვითარების ცენტრი", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია", "სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი", "ახალგაზრდა ადვოკატები", "თავისუფალ სტუდენტთა კავშირი", "თავისუფალი არჩევანი", "საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო" და საზოგადოებრივი მოძრაობა "ლაზარე".