დავით საგანელიძე:   ნინო ბურჯანაძე და მიხეილ სააკაშვილი ერთი ფიარისა და იდეოლოგიის ნაწილია

დავით საგანელიძე: ნინო ბურჯანაძე და მიხეილ სააკაშვილი ერთი ფიარისა და იდეოლოგიის ნაწილია

უმრავლესობის ლიდერის, დავით საგანელიძის შეფასებით, ნინო ბურჯანაძე და მიხეილ სააკაშვილი ერთი ფიარისა და იდეოლოგიის ნაწილი არიან. 

ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძე "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, "ქართული ოცნების" შტაბის წევრებისა და მხარდამჭერების მათთან გადასვლის შესახებ.

საგანელიძის მტკიცებით, აღნიშნული მხოლოდ ფიარის თემაა და სინამდვილეს არ შეესაბამება.

"არ ვიცი, ვინ ვისი მოწაფეა - ნინო ბურჯანაძეა მიხეილ სააკაშვილისა და "ნაციონალური მოძრაობის" იდეოლოგიის მოწაფე, თუ პირიქით, "ნაციონალური მოძრაობის" და სააკაშვილის იდეოლოგია და პიარი შეიქმნა ბურჯანაძის დროს. მე ამ სიღრმეებში არ შევალ, რადგან ეს ერთი და იგივე ფიარის ნაწილია", - განაცხადა საგანელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მან ამ კონტექსტში ყურადღება საკუთრივ პარტიის წევრებზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ ნინო ბურჯანაძის პარტიაში გადასვლასთან დაკავშირებით პარტიის მხოლოდ ორ წევრს აქვს გურიის ორგანიზაციაში სიტყვიერი განცხადება გაკეთებული.

საგანელიძემ პარტიის წევრების რაოდენობა დღეს ვერ დააკონკრეტა, თუმცა აღნიშნა, რომ პოლტსაბჭოს ბოლო სხდომაზე, პარტიაში 4 800 წევრი მიიღეს, მიმდინარე კვირას კი პარტიას 3 000 მეტი ადამიანი შეურთდება.