საქართველოში

საქართველოში "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ

საქართველოში "როსსელხოზნადზორის" წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. როგორც ჟურნალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს "როსსელხოზნადზორის" დირექტორის მრჩეველმა მიხეილ მასლოვმა განუცხადა, ქართველ სპეციალისტებთან იქნება ტექნიკური საუბრები იმისთვის, რომ ქართული პროდუქცია მთლიანად გავიდეს რუსულ ბაზარზე. 

"შეცდომაა შეკითხვა თუ როდის დაბრუნდება ქართული ბოსტნეული რუსულ ბაზარზე, რადგან ის უკვე ნაწილობრივ დაბრუნებულია ბაზარზე. ჩვენი მიზანია ამ ეტაპზე, რომ ქართველ კოლეგებს ტექნიკურ საკითხებზე ვესაუბროთ, რათა ქართული პროდუქცია ფიტოსანიტარული ნორმების დაცვით მთლიანად გავიდეს ბაზარზე. ეს არ არის შემოწმება, ეს არ არის კონტროლი, ეს არის ქართველი და რუსი ექსპერტების ტექნიკური მოლაპარაკება სისტემისა და ფიტოსანიტარული კონტროლის გაცნობის მიზნით", - განაცხადა მასლოვმა.

რუს სპეციალისტებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები დახვდნენ.

როგორც სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის უფროსმა ზურაბ ლიპარტია ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ვიზიტი მნიშვნელოვანია იმით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს მცენარეული წარმოების პროდუქციის გატანა რუსულ ბაზარზე.

"მათი ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია, ისინი გაეცნობიან საქარველოში ფიტოსანიტარიული კონტროლის სიტემას, ანუ საქმე შეეხება მხოლოდ და მხოლოდ მცენარეული წარმოების პროდუქტების კონტროლს, რომელიც გამიზნულია საექსპორტოდ, ასევე მოხდება ლაბორატორიული საქმიანობის გაცნობა როგორც აღმოსავლეთ ისე დასავლეთ საქართველოში. მოვინახულებთ რამდენიმე საწარმოს თუ როგორ ხდება საექსორტო მცენარეული პროდუქტის ფორმირება. ამ მიზნით მთავარ მიზანს წარმოადგენს, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ქართული მცენარეული წარმომავლობის პროდუქტის გატანა რუსულ ბაზარზე", - განაცხადა ლიპარტიამ.