მაია ფანჯიკიძემ საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა

მაია ფანჯიკიძემ საერთაშორისო ორგანიზაციებს ოფიციალური მოსაწვევები გაუგზავნა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ 2013 წლის 27 ოქტომბერს დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოწვევის მიზნით, ოფიციალური მოსაწვევები საერთაშორისო ორგანიზაციებს გაუგზავნა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ოფიციალური მოწვევა გაეგზავნა ეუთო-ს ადამიანის უფლებების და დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისს, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეას, ევროსაბჭოს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეას, ევროპის პარლამენტს, სუამის საპარლამენტო ასამბლეას, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეასა და არაბული ქვეყნების ლიგას.

საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის გაგზავნილ წერილებზე დამატებით, საგარეო საქმეთა მინისტრმა ოფიციალური მოსაწვევები, ასევე, გაუგზავნა ავტორიტეტულ არასამთავრობო ინსტიტუტებს, როგორიცაა ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული-დემოკრატიული ინსტიტუტი, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი და ამერიკის შეერთებული შტატების ჰელსინკის კომისია.
გარდა ამისა, 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე დამკვირვებლების მოსავლენად, საგარეო საქმეთა სამინისტრომ თხოვნით მიმართა ევროკავშირის, ნატო-ს, სუამ-ის წევრ-სახელმწიფოებსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებს.

გაგზავნილ მოსაწვევ წერილებში საქართველო კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მაქსიმალურად გამჭვირვალე, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების აუცილებლობას და ადასტურებს მზადყოფნას, სრული მხარდაჭერა აღმოუჩინოს საერთაშორისო დამკვირვებლებს საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისთვის.