დავით საგანელიძე:  ყველაზე სწორი რუსეთთან პირდაპირი საუბარი იქნება

დავით საგანელიძე: ყველაზე სწორი რუსეთთან პირდაპირი საუბარი იქნება

უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე რუსეთთან ურთიერთობებში პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყების საჭიროებაზე საუბრობს და აცხადებს , ამ მიმართულებით ორ ქვეყანას ბუფერი არ უნდა სჭირდებოდეს. 

"საქართველოს და რუსეთს ერთმანეთთან აქვს ისეთი დიდი ისტორიული, კულტურული, სამეცნიერო, ეკონომიკური, პოლიტიკური ურთიერთობის ისტორია, რომ არა მგონია, სასაუბროდ რომელიმე სხვა ქვეყანა დაგვჭირდეს და ასეთ ბუფერებს უნდა ვეძებდეთ. ის, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ბუფერის როლს, ბოლო პერიოდში, შვეიცარიის სახელმწიფო ასრულებდა, ძირითადად ურთიერთობების მედიატორი შვეიცარიის საელჩო იყო, იმის ბრალია, რომ ჩვენ და რუსეთს პოლიტიკური ნება, ცოდნა, უნარი არ გვეყო, რომ ურთიერთობის გზები მოგვეძებნა და ყველა ძაფი არ გადაგვეჭრა. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს პრობლემა დაიძლიოს, პირდაპირ გვქონდეს საშუალება, ვესაუბროთ რუსეთს იმ ენაზე, იმ პრობლებზე, რაც ჩვენ გვჭირდება და რომელიც ჩვენთვის მისაღებია - ვისაუბროთ იმაზე, რომ საქართველო უნდა იყოს ერთიან საზღვრებში, არ უნდა არსებობდეს წართმეული ტერიტორიები, საკუთარი სახლებიდან დევნილები. ამაში არ უნდა გვჭირდებოდეს დამხმარე ბუფერული ზონა", - განაცხადა საგანალიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი იმას არ ნიშნავს, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის ურთიერთობებში ჩართული უნდა იყოს მესამე ქვეყანა, როგორიცაა ამ შემთხვევაში შვეიცარია.

"ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი იარსებებს, თუმცა საბოლოო ჯამში, ყველაზე სწორი იქნება პირდაპირი საუბარი რუსეთთან. ჩვენ ვართ მეზობლები და ვერავინ გეოგრაფიას ვერ გამოგვიცვლის", - აცხადებს საგანელიძე.