საქართველოსა და რუსეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა განახლდა

საქართველოსა და რუსეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა განახლდა

საქართველოსა და რუსეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა განახლდა საქართველოსა და რუსეთს შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლა განახლდა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს. 

უწყების ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულ იქნა 6-7 აგვისტოს მოსკოვში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსა და რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე.

შეხვედრას ესწრებოდნენ რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს წარმომადგენლები.

სამინისტროს განცხადებით, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა ქვეყნებს შორის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო და სამგზავრო გადაზიდვების აღდგენა არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს 1994 წლის 3 თებერვალს ხელმოწერილი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობას და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების განხორციელების შესაძლებლობები.

"შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში ქვეყნების კომპეტენტურ უწყებებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურების შეჩერების გამო, ორ ქვეყანას შორის საავტომობილო გადაზიდვებით ძირითადად დაკავებულები არიან აზერბაიჯანის, თურქეთის და სომხეთის გადამზიდავები და ყურადღება უნდა გამახვილდეს ეროვნული გადამზიდავების აქტივიზაციის მიზნით, სათანადო ღონისძიებების განხორციელების აუცილებლობაზე.

ქართულმა მხარემ პრინციპულად დააყენა საავტომობილო მიმოსვლის აღდგენისათვის ქართველი მძღოლებისათვის სავიზო რეჟიმის გამარტივების აუცილებლობის საკითხი, რაზედაც მიღწეული იქნა რუსული მხარის თანხმობა საკითხის უახლოეს მომავალში დადებითად გადაწყვეტის თაობაზე", - აცხადებენ ეკონომიკის სამინისტროში.

მათივე ცნობით, მხარეებს შორის პირველ ეტაპზე გაიცვალა 500 ერთეული სატვირთო გადაზიდვის ნებართვა 2013 წლისათვის, რაც საშუალებას მისცემს ქართველ გადამზიდველებს გადაზიდონ ტვირთი რუსეთის მიმართულებით და მისი ტერიტორიის გავლით. მოხდა ასევე შეთანხმება მესამე ქვეყანაში ტვირთის გადაზიდვის ნებართვების გაცვლის თაობაზეც.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, მოლაპარაკებების შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება რეგულარული საავტობუსო მიმოსვლის აღდგენის შესახებ საქართველოსა და რუსეთის ქალაქებს შორის, რაც შეწყვეტილი იყო 2006 წლიდან.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო მზადყოფნას გამოთქვამს, უზრუნველყოს ყველა დაინტერესებული საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე რუსეთის მიმართულებით საავტომობილო მიმოსვლისათვის საჭირო დოკუმენტაციითა და ნებართვებით.