ყოფილი პატიმრის ოჯახი პროკურატურას და შსს-ს მიმართავს

ყოფილი პატიმრის ოჯახი პროკურატურას და შსს-ს მიმართავს

ყოფილი პატიმრის, გურამ ლაშქარავას ოჯახი დახმარებისთვის პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უფლებადამცველ ორგანიზაციებს მიმართავს. ოჯახის განცხადებით, ყოფილ პატიმარზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლების მხრიდან ქვეყნის დატოვების მოთხოვნით, ზეწოლა ხორციელდება.

"საქართველოში, დასჯის ასეთი ფორმა არ არსებობს. ასეთი რამე ხდებოდა 1937 წელს. დღეს, როდესაც თანამდებობის პირი გურამ ლაშქარავას უთვლის, რომ ქვეყანა უნდა დატოვოს და თუ არ დატოვებს, მაშინ ემუქრება, რომ ავტომატს ჩაუდებს, მოუწყობს "პერესტრელკას" და გაუკეთებს ლიკვიდაციას, ამით ამ პირმა უკვე ჩაიდინა სისხლის სამართლის დანაშაული, გადაამეტა უფლებამოსილებას, რაც განსაზღვრულია სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე და 151-ე მუხლებით", - აცხადებს ადვოკატი ზაურ კინტირაია.

გურამ ლაშქარავას და კი აცხადებს, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით დეპუტატ ეკა ბესელიასაც მიმართა.

"ამ ფაქტთან დაკავშირებით მივმართეთ, ჩვენს მაჟორიტარ დეპუტატ ეკა ბესელიას, მე და ჩემა რძალმა. მან გვითხრა, რომ ამ საკითხს აუცილებლად შეისწავლიდა და გაარკვევდა, რატომ დევნიან ჩემს ძმას ქვეყნიდან. ვაპირებთ, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებსაც მივმართოთ, რათა ვინმე მაინც დაინტერესდეს იმით, თუ რატომ დევნიან უდანაშაულო ადამიანებს ქვეყნიდან", -განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" გურამ ლაშქარავას დამ, ქრისტინა ქაჯაიამ.

ლაშქარავას ადვოკატის ზაურ კინტირაიას განცხადებით, აღნიშნული ფაქტით დაინტერესების მიზნით, ისინი პროკურატურას ოფიციალურად, უახლოეს მომავალში მიმართავენ.