მარინა ჩიტაშვილმა თსუ-ს რექტორის არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა

მარინა ჩიტაშვილმა თსუ-ს რექტორის არჩევნებში კანდიდატურა მოხსნა

თსუ-ის რექტორის არჩევნებში მარინა ჩიტაშვილმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თსუ-ს საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ დავით ბოსტოღანაშვილმა განუცხადა. 

მისივე თქმით, მარინა ჩიტაშვილმა განცხადება საარჩევნო კომისიაში გუშინ შეიტანა და საკუთარი კანდიდატურა მოხსნა. ამჟამად რექტორის არჩევნებში მონაწილეობას 13 კანდიდატი იღებს.

ბოსტოღანაშვილის განცხადებით, საარჩევნო უბანი თსუ-ს პირველ კორპუსში 13:30 საათზე გაიხსნება, არჩევნები კი 14:00 საათზე დაიწყება. უნივერსიტეტის რექტორს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო ირჩევს, რომელიც 12 წევრისგან შედგება და პლიუს საბჭოს თავმჯდომარე.

არჩევნებში გამარჯვებისათვის კანდიდატმა ხმათა უმრავლესობა, 7 ხმა მაინც უნდა მოაგროვოს. ხმის მიცემა 16:00 საათზე შეწყდება.

ბოსტოღანაშვილის განცხადებით, არჩევნებს 9 არასამთავრობო ორგანიზაცია დააკვირდება. კერძოდ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, საარჩევნო სისტემების ფონდი, "ახალგაზრდა ადვოკატები", თავისუფალ სტუდენტთა კავშირი, "საერთაშორისო გამჭვირვალობა" და სხვები.

საარჩევნო კომისიის მიერ ხმის დათვლის შემდეგ საარჩევნო ოქმს აკადემიკური საბჭო დაამტკიცებს და ახლად არჩეული რექტორი მოვალეობას შეუდგება. თსუ ხვალ 28-ე რექტორს აირჩევს.

რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ალექსანდრე კვიტაშვილმა თანამდებობა მიმდინარე წლის 12 ივლისს განცხადების საფუძველზე დატოვა. ის 2010 წლის დეკემბერში აირჩიეს რექტორად. რექტორის მოქმედების ვადა 4 წელია.