"მივაღწევ იმას, რომ ღარიბაშვილს, კბილაშვილს და ნაცვლიშვილს ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა აეკრძალოთ"

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი რევაზ დვალიშვილის საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

ხატიაშვილის განცხადებას "პირWელი" უცვლელად გთავაზობთ:

"ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 18 დეკემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე "დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" და ერთსულოვნად დაადგინა, რომ კონვენციის მე-3 - მუხლი (წამება, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობა) დაირღვა.

მომჩივანი რევაზ დვალიშვილი 2005 წლიდან ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ იგი წყალტუბოს რაიონის პოლიციის მუშაკების მხრიდან წამების მსხვერპლი გახდა. რევაზ დვალიშვილი 2006 წლიდან მოყოლებული ამტკიცებდა, რომ ის დაზიანებები, რომლებიც მას აღმოაჩნდა სამედიცინო დასკვნის შედეგად, მიღებული აქვს უშუალოდ პოლიციაში წამების შედეგად. კერძოდ, წყალტუბოს პოლიციის მუშაკებმა - რევაზ ქობულიამ, მალხაზ მჟავიამ, ბადრი ღაჭავამ, ზვიად აფციაურმა და გამომძიებელმა მერაბ ქორიძემ იგი პოლიციის განყოფილებაში დააგდეს, ფეხებით შესდგნენ, წიხლებით სცემდნენ და ხელის თითებს უჭეჭყავდნენ. შემდეგ ზევიდან ქვევით ფეხებით დაკიდეს, კოკა-კოლა იატაკზე დაასხეს და ენით აალოკინეს.

როგორც საქართველოს სინამდვილეში ხდება, საქრთველოს პროკურატურამ გაამართლა მოძალადე პოლიცელები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ რევაზ დვალიშვილმა დაზიანებები უშუალოდ დაკავების პროცესში, მიწაზე ერთჯერადი დაცემით მიიღო.

მოცემული საქმე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გასაჩივრდა, რომელმაც ერთსულოვნად დაადგინა, რომ რევაზ დვალიშვილთან მიმართებაში კონვენციის მე-3 მუხლი დაირღვა.

ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნა:

აპლიკანტისათვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებების გათვალისწინებით, ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლო აღნიშნულს მიიჩნევს, როგორც მძიმე დაზიანებებს, კონვენციის მე-3 მუხლიდან გამომდინარე. შესაბამისად, სახელმწიფოს ეკისრება, დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დასადგენად დამაკმაყოფილებელი და დამაჯერებელი განმარტება გააკეთოს. ადგილობრივი ხელისუფლების შესაბამისმა ორგანოებმა ვერ შეძლეს, დაწვრილებით შეესწავლათ სამედიცინო დასკვნები და მხოლოდ იმით შემოიფარგლნენ, რომ აღნიშნული დასკვნები არაადამიანურ მოპყრობას არ ადასტურებდა. მთავრობას არც ის საკითხი განუხილავს, რომ აპლიკანტისათვის მიყენებული დაზიანებები შეუძლებელია, მხოლოდ ერთხელ წაქცევით გამოწვეულიყო. ამას გარდა, სასამართლო ასკვნის, რომ ვერ გაიზიარებს მთავრობის არგუმენტს მოწმეთა ჩვენებებთან დაკავშირებით. საქმის მასალების მიხედვით, მოწმეთა ჩვენებები მიუთითებს, რომ განმცხადებელი ადგილზევე დააპატიმრეს პოლიციელებმა და მას გაქცევა არ უცდია. შესაბამისად, განმცხადებელი ვერ მიიღებდა ფიზიკურ დაზიანებებს დაპატიმრებისას, გაქცევის მცდელობის დროს. ამას თვითმხილველი მოწმეებიც ადასტურებენ, რომ აპლიკანტს დაკავებისას არანაირი დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

ყოველივე ზემოთხსენებულისა და საქართველოს პოლიციის წარმომადგენელთა მხრიდან სავარაუდო არაადამიანური მოპყრობის ჩადენის სამწუხარო ფაქტებიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ აპლიკანტის მიმართ კონვენციის მე-3 მუხლი დაირღვა, რადგან იგი პოლიციელთა მხრიდან არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 18 დეკემბრის გადაწყვეტილების შემდეგ, რევაზ დვალიშვილმა 2012 წლის 19 თებერვალს მთავარ პროკურორს არჩილ კბილაშვილს მიმართა და მოითხოვა პოლიციის მუშაკების რევაზ ქობულიას, მალხაზ მჟავიას, ბადრი ღაჭავას, ზვიად აფციაურის, მერაბ ქორიძის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა მისი წამების, არაადამიანური და არაჰუმანური მოპყრობის გამო.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა ფაქტი, რომ წყალტუბოს პოლიციაში რევაზ დვალიშვილი გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი, არჩილ კბილაშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის უწყება, როგორც ეს სააკაშვილის რეჟიმის პირობებში ხდებოდა, 5 თვეა, უშედეგოდ იძიებს საქმეს, რომლის გამოძიებას მაქსიმუმ 10 დღე სჭირდება.

1. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დადასტურებული აქვს ის ფაქტი, რომ პოლიციელები სიცრუეს ამბობენ, თითქოს რევაზ დვალიშვილმა დაზიანებები ერთჯერადი დაცემის შედეგად მიიღო.

2. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს დაადგენილი აქვს ფაქტი, რომ წყალტუბოს პოლიციაში რევაზ დვალიშვილი არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი გახდა.

3. საქართველოს სახელმწიფომ აღიარა გადაწყვეტილება და მომჩივანს მიყენებული ზიანის სანაცვლოდ 12 ათასი ევრო გადაუხადა.

ისმის კითხვა, რას იძიებს არჩილ კბილაშვილის და ლაშა ნაცვლიშვილის უწყება?

არჩილ კბილაშვილის უსუსურობა და უუნარობა, იმოქმედოს კანონის შესაბამისად და რომ არ შეიძლება მისი მთავარი პროკურორობა, დასტურდება ამ ერთი უბრალო საქმით. როგორ შეიძლება ამის შემდეგ ამ ადამიანს ვანდოთ რაიმე საქმის გამოძიება, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ წამების ფაქტს ვერ ან არ იძიებს 5 თვე?

თუ რატომ არ მისცა პასუხისგებაში არჩილ კბილაშვილის უწყებამ რევაზ დვალიშვილის წამების გამო პოლიციის მუშაკები, გამოჩნდა მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა მინსტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ოპერაცია გირგვლიანი 2" განახორციელა და რევაზ დვალიშვილის მთავარი მწამებელი რევაზ ქობულია 2013 წლის ივლისში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წყალტუბოს რაიონული სამმართველოს უფროსად დანიშნა.

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ნაცვლად იმისა, რომ გამოსულიყო და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ბოდიში მოეხადა, სამოქალაქო საზოგადოებას თავის უუნარობა და უცოდინრობა დაგვიმტკიცა.

როდესაც, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ პრესკონფერენცია ჩავატარე და საზოგადოებას გავაცანი ახალი "ვანო მერაბიშვილი" ირაკლი ღარიბაშვილის სახით, რომელმაც გაიმეორა "გირგვლიანი 2", შინაგან საქმეთა სამინისტრომ გააკეთა ოფიციალური კომენტარი, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 18 დეკემბერს გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე "დვალიშვილი საქართველოს წინააღმდეგ" და ერთსულოვნად დაადგინა, რომ დაირღვა კონვენციის მე-3 მუხლი; რომ რევაზ დვალიშვილი გახდა არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი პოლიციის დაწესებულებაში, მაგრამ ევროპულმა სასამართლომ არ მიუთითა კონკრეტულ პოლიციელებზე, რომელთაც რევაზ დვალიშვილი აწამეს.

პატივცემულო სამოქალაქო საზოგადოებავ, დაახლოებით 40 ათასი ადამიანი მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში. ნუთუ, ერთი მცოდნე ადამიანი მაინც არ აღმოჩნდა მათ რიგებში, რომ აეხსნა ღარიბაშვილისთვის შემდეგი: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო თავის არცერთ გადაწყვეტილებაში არ ასახელებს კონკრეტული პირების სახელსა და გვარს; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მხოლოდ წამების ფაქტს ადგენს, ანუ კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას და სახელმწიფოს მიუთითებს, რომ მოცემულ შემთხვევაში ეფექტური არ ჩატარდა გამოძიება.

ნებისმიერმა იურისტმა, ვისაც შეხება აქვს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან, ან წაკითხული აქვს პატარა ბროშურა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შესახებ, იცის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არ არის მე-4 ინსტანცია და კონკრეტულ სასჯელებს პირებთან მიმართებაში არ აწესებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადების შემდეგ, ალბათ, მთელი სამოქალაქო საზოგადოება დარწმუნდება ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი. ამის შემდეგ, როგორ შეიძლება, ასეთი უცოდინარი პიროვნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ვინმე ენდოს?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება არის ნამდვილი სკანდალი, რასაც მე აუცილებლად ვაცნობებ ევროპის საბჭოს და ევროკავშირს. მათ უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი არის სამოქალაქო საზოგადოების მტერი.

მე, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე, მივაღწევ იმას, რომ ირაკლი ღარიბაშვილს, არჩილ კბილაშვილს და ლაშა ნაცვლიშვილს აეკრძალოთ ყველა დემოკრატიული სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესვლა, როგორც წამებაში მონაწილე პირების დამცველებს.

და ბოლოს, მსურს, მივმართო მედიასაშუალებებს: ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის პრესკონფრენცია დაიბლოკა თითქმის ყველა საინფორმაციო საშუალებებში საღამოს ეთერში. რევაზ დვალიშვილის ფაქტი წარმოადგენს "გირგვლიანი 2"-ის ისტორიას. მთელი სამოქალაქო საზოგადოება შოკში ვიყავით გირგვლიანის, ვაზაგაშვილის, რობაქიძის, გამცემლიძის, შავაძის და სხვათა საქმეების გამო და ეს გახდა ხელისუფლების შეცვლის მიზეზი. სააკაშვილის რეჟიმის დროს სამოქალაქო საზოგადოების გვერდით იდგა ტელეკომპანია "იმედი" (სანამ დაარბევდნენ), ტელეკომპანია "მაესტრო", ტელეკომპანია "კავკასია" და "მედიაკავშირი ობიექტივი". დემოკრატიის და სამართლიანობის ლოზუნგით მოსული ხელისუფლების პირობებში აღმოჩნდა, რომ როცა დასჭირდა ირაკლი ღარიბაშვილს არ გასულიყო მთავარ თემად მის მიერ ჩადენილი საშინელება, ანუ „გირგვლიანი 2“-ის ისტორია, დღევანდელმა ხელისუფლებამ უფრო უკეთ გააკონტროლა მედია, ვიდრე ამას სააკაშვილის რეჟიმი აკეთებდა, რაც არ არის დადებითი მოვლენა. როდესაც მე, ციხის ცნობილ კადრებამდე ერთი წლით ადრე გავახმაურე ფაქტი, რომ ადგილი ჰქონდა პატიმრების გაუპატიურებას და წარვუდგინე მთავარ პროკურორს მალხაზ არქანიას ჩვენება პატიმრების გაუპატიურების თაობაზე, სააკაშვილის რეჟიმმა ცილი დამწამა: "ზაზა ხატიაშვილს პოლიტიკაში წასვლა უნდა და იმიტომ ავრცელებს ცრუ განცხადებასო".

როდესაც ერთი წლის შემდეგ ციხეში პატიმრების გაუპატიურება დადასტურდა, ბოდიშიც კი არავინ მომიხადა იმ ცილისწამებისთვის, რისი გადატანაც მე მაშინ მომიხდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. მალე საპრეზიდენტო არჩევნები იქნება, მაგრამ მე პოლიტიკისკენ არ გამიხედავს და ვთვლი, რომ ყველაზე დიდი პოლიტიკა ადამიანის უფლებების დაცვაა. ჩვენ, ადვოკატებმა და ჟურნალისტებმა უნდა შევძლოთ, ამ ქვეყანაში წამება დავასრულოთ. წარმოგიდგენიათ, რომელიმე ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციის სამამართველოს უფროსად დანიშნოს ადამიანის წამებაში მხილებული პირი და შინაგან საქმეთა მინისტრი დარჩენილიყოს თავის თანამდებობაზე? ეს ხდებოდა და ხდება მხოლოდ ავტორიტარული რეჟიმის მქონე ქვეყნებში.

როდესაც საკაშვილის რეჟიმის პირობებში გირგვლიანის შემზარავი ისტორია მოხდა, გოგა ხაინდრავა გახდა ერთადერთი, ვინც ხელისუფლებიდან შემზარავი ფაქტი გააპროტესტა. იგი მაშინვე მოხსნეს მინისტრის თანამდებობიდან. საინტერესოა, დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობიდან, ან მინისტრებიდან, თუ ეყოფა ვინმეს გამბედაობა და გააპროტესტებს, თუ არა ირაკილი ღარიბაშვილის მიერ ჩადენილ საშინელებას.

პატივცემულო ჟურანლისტებო, მე ძალიან დიდი ზეწოლებისთვის გამიძლია, მაგრამ, ვინაიდან ადამიანის უფლებებისთვის ვიბრძოდი, ყოველთვის გამარჯვებული გამოვდიოდი. რასაც, მერაბიშვილი და ადეიშვილი აკეთებდნენ ხელისუფლებაში მოსვლის მესამე წელს, იმის გაკეთება ირაკლი ღარიბაშვილმა, არჩილ კბილაშვილმა და ლაშა ნაცვლიშვილმა ხელისუფლებაში მოსვლის მე-7 თვიდან დაიწყეს, რაც განგაშის საფუძველი უნდა გახდეს. თუ ჩვენ ხელისუფლებას ვაპატიეთ ახალი "გირგვლიანი 2", მაშინ სამოქალაქო საზოგადოება დავრჩებით იმ ჭაობში, საიდანაც 9 წელია, ამოსვლას უშედეგოდ ვცდილობთ", - ნათქვამია ხატიაშვილის განცხადებაში.