ფანჯიკიძის უწყება ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს

ფანჯიკიძის უწყება ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ეგვიპტეში გამგზავრებისგან თავის შეკავებისკენ, ადგილზე მყოფთ კი განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე საგარეო უწყება საქართველოს მოქალაქეებს მიმართავს.

"ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით, გაცნობებთ, რომ 2013 წლის 14 აგვისტოს კაიროსა და ქვეყნის 14 რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კომენდანტის საათი 19:00 საათიდან 06:00 საათამდე მოქმედებს. ქვეყნის ტერიტორიაზე ეგვიპტის სამართალდამცავ ორგანოებსა და "მუსლიმი ძმების" მომხრეებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.

კაიროში, ალექსანდრიაში და ეგვიპტის სხვა ქალაქებში მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ. განსაკუთრებით უნდა მოერიდონ ეგვიპტის ტერიტორიაზე გადაადგილებას, დემონსტრაციებსა და მასობრივი თავშეყრის ადგილებს.

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ამჟამად დასასვენებლად იმყოფებიან ეგვიპტის კურორტებზე, მათ შორის ჰურგადაში მუდმივი კონტაქტი უნდა ჰქონდეთ ტურ-ოპერატორებთან. ქართველმა ტურისტებმა არ უნდა დატოვონ ტურისტული დასასვენებელი ზონების ტერიტორია.

ეგვიპტეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს საჭიროების შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ კაიროში საქართველოს საელჩოს, ცხელ ხაზზე: +2010 110 888 44.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც გეგმავენ ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკაში გამგზავრებას, თავი შეიკავონ მგზავრობისგან", - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.