მუნიციპალური განვითარების ფონდი 2013 წლის პირველი ნახევრის მუშაობის შედეგებს აქვეყნებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2013 წლის პირველი ნახევრის მუშაობის შედეგებს აქვეყნებს

მუნიციპალური განვითარების ფონდი 2013 წლის პირველი ნახევრის მუშაობის შედეგებს აქვეყნებს. ამასთან დაკავშირებით დღეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელგუჯა ხოკრიშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

როგორც ელგუჯა ხოკრიშვილი აღნიშნავს, ფონდმა 6-თვიანი მუშაობის შედეგად, ზესტაფონში, ფოთში, ზუგდიდში, მარნეულში, ქარელში, გორში, თერჯოლში, კასპში, მცხეთში, წყალტუბოში, ქუთაისსა და ვანში იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით 16 საცხოვრებელი სახლი ააშენა. 11 კორპუსს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა, 12 სოფელში განხორციელდა წყალმომარაგებისა და სანიაღვრე სისტემის რეაბილიტაცია, ჯამში, აღნიშნული პროექტებისთვის ფონდმა 9 მილიონი ლარი დახარჯა.

ხოკრიშვილის თქმით, 2013 წელს ფონდმა დაიწყო სალთვისი–ტირიფონის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციაც.

"კონფლიქტის ზონაში მდებარე სალთვისი-ტირიფონის საირიგაციო სისტემაზე მუშაობა განაღმვითი პროცესის ფონზე მიმდინარეობდა. საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის საპროექტო ღირებულებაა 13 365 000 ლარია. ტირიფონის მაგისტრალური არხის რეაბილიტაციის შედეგად, 23 სოფლის 8500 ჰექტარი მიწა მოირწყვება, სალთვისის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის შედეგად კი 16 სოფლის 9700 ჰექტარი. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნულმა სოფლებმა წელს უკვე შეძლეს მიწის ნაკვეთების მორწყვა", - განაცხადა ხოკრიშვილმა.

ხოკრიშვილის ინფორმაციით, ფონდმა ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე გამოაცხადა ტენდერი, როგორიც თბილისი–რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობაა და ამ დროისათვის მშენებლობასთან დაკავშირებით კანონით გათვალისწინებული ყველა მოთხოვნა უკვე დაკმაყოფილებულია.

"გადაიჭრა საკუთრების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები, მიღებულია მშენებლობის ნებართვა, მნიშვნელოვნად შემცირდა პროექტის ღირებულება, რომელიც ხელოვნურად იყო გაბერილი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აზიის განვითარების ბანკთან მიღწეულ იქნა შეთანხმება, რომ ავტომაგისტრალის მშენებლობაზე 100%–ით ადგილობრივი მუშა–ხელი დასაქმდება", -აცხადებს ხოკრიშვილი.

ფონდმა საანგარიშო პერიოდში ნაპირსამაგრი სამუშაოები დაიწყო ცხენისწყალზე, ანაკლიასა და ბათუმში. ასევე მიმდინარეოს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციაც. 6 თვის განმავლობაში 17 ქალაქსა და 5 დაბაში მოწესრიგდა წყალმომარაგების სისტემა, რაზეც 12 500 000 ლარი დაიხარჯა.

ელგუჯა ხოკრიშვილის თქმით, 7 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები საერთო ღირებულებით 8.2 მილიონი ლარი. კახეთსა და იმერეთში კი, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით ათობით პროექტი დაიწყო. მათ შორის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან ინფრასტრუქტურის მოწყობა და ტურისტულ ცენტრებში ქუჩებისა და შენობების რეაბილიტაცია.

"აღსანიშნავია, რომ ექვსი თვის მანძილზე ფონდმა მოაგვარა მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემები. კერძოდ, ათობით პროექტზე აღმოიფხვრა საკუთრების პრობლემასთან დაკავშირებული საკითხები, რომელიც წინა მენეჯმენტის პირობებში სრულად იყო იგნორირებული. ყველა პროექტზე მიღებულია მშენებლობის ნებართვა, რომლიც აქამდე არ არსებობდა, შემაცირა ხელოვნურად გაბერილი საპროექტო ღირებულებები. მოხდა არაერთი უხარისხო პროექტის კორექტირება და გასწორდა ასევე უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები. ფონდის ხელმძღვანელობამ უარი თქვა მანკიერ თვისებაზე, რომ აშენოს სწრაფად და უხარისხოდ, ფონდის მიზანია, ყველა მის მიერ განხორციელებული პროექტი იყოს კანონთან შესაბამისობაში და მაღალი ხარისის, რაც 6-თვიანი მუშაობის შედეგად დადასტურდა კიდეც", -განაცხადა ხოკრიშვილმა.