ეგვიპტეში შეტაკებებისას 278 ადამიანი დაიღუპა

ეგვიპტეში შეტაკებებისას 278 ადამიანი დაიღუპა

გუშინდელი დღე ეგვიპტეში ყველაზე სისხლიანი გამოდგა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად სულ მცირე 278 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათასი კი დაშავდა. ამის შესახებ "ბიბისი" იუწყება. თუმცა, "მუსლიმთა საძმოს" მეთაურთა განცხადებით, გარდაცვლილია 2 ათასზე მეტი ადამიანი.
ეგვიპტის დროებითი პრემიერ-მინისტრის ჰაზემ ბებლავის განცხადებით, ქვეყანაში უსაფრთხოების აღდგენის მიზნით, ხელისუფლება იძულებული იყო მსგავსი ოპერაცია ჩაეტარებინა.
მომხდარი ძალადობის გამო თანამდებობიდან გადადგა ეგვიპტის დროებითი მთავრობის ვიცე-პრეზიდენტი მოჰამედ ელბარადეი.

"ვერ გავაგრძელებ იმ გადაწყვეტილებებისთვის მხარდაჭერას, რომელსაც არ ვეთანხმები და რომლის შედეგებიც მაფრთხობს. ვერ დავუჭერ მხარს სისხლისღვრას", - განაცხადა მოჰამედ ელბარადეიმ.
ეგვიპტეში შექმნილ მდგომარეობას მსოფლიო ლიდერებიც გამოეხმაურნენ და შეშფოთება გამოთქვეს მომხდარით.

"ძალადობისკენ სვლა მხოლოდ უდიდეს არასტაბილურობასა და ეკონომიკურ რღვევასა გამოიწვევს", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ.

თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა კი ეგვიპტეში მომხდარს "დემოკრატიისკენ დაბრუნების იმედის სერიოზული ჩაფლავება" უწოდა.

ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და 27 პროვონციიდან 11-ში კომენდანტის საათი ამოქმედდა.

ეგვიპტის დედაქალაქ ქაიროში ყოფილი პრეზიდენტის მოჰამედ მურსის ქვეყნის სათავეში დაბრუნების მიზნით, მისი მხარდამჭერები 3 ივლისიდან მოყოლებული მართავდნენ აქციებს.
მოჰამედ მურსი ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, მას ბრალი ედება 2011 წელს ციხის ამბოხის დროს პატიმრების, ოფიცრებისა და ჯარისკაცების განზრახ მკვლელობაში.