ბიძინა ივანიშვილი - საქართველოში დაიმსხვრევა სტერეოტიპი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ზე-კაცია

ბიძინა ივანიშვილი - საქართველოში დაიმსხვრევა სტერეოტიპი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ზე-კაცია

საქართველოში დაიმსხვრევა სტერეოტიპი, როდესაც ქვეყნის პრეზიდენტი ზე-კაცია, რომელიც ყველაფერს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ნოქალაქევში, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო კამპანიის გახსნისას განაცხადა. მისი თქმით, გიორგი მარგველაშვილი იქნება ყველას პრეზიდენტი.,

"ისევ საარჩევნო კამპანიის რეჟიმში ვხვდებით ერთმანეთს, ისევ გამარჯვებისთვის ვემზადებით. ჩვენი შეხვედრისთვის შევარჩიეთ ეს ისტორიული ადგილი, საიდანაც საქართველოს გამთლიანება დაიწყო. ქართულ საზოგადოებას, ჩვენს ამომრჩეველს კიდევ ერთხელ მინდა წარვუდგინო "ქართული ოცნების" საპრეზიდენო კანდიდატი, გიორგი მარგველაშვილი, რომელიც ჩვენი საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელია და ევროპული ყაიდის ლიდერია. ვარღვევთ წლების განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებულ სტერეოტიპს, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ზე-კაცია, რომელიც ყველაფერს ჩვენს მაგივრად გადაწყვეტს. ევროპაში ეს ასე არ არის. უნდა დავამსხვრიოთ ეს მახინჯი სტერეოტიპი. ქვეყნის პრეზიდენტად უნდა ავირჩიოთ ნამდვილად ევროპულად მოაზროვნე ადამიანი, რაც დაამთავრებს საქართველოში ერთი კაცის ჭკუაზე ქვეყნის მართვას, ერთი კაცის იმედად ყოფნას და ყველას დაანახებს, რომ ჩვენც შეგვიძლია დემოკრატიული პრინციპებით აზროვნება და სახელმწიფოს შენება", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, გიორგი მარგველაშვილი არასდროს გამოკიდებია თანამდებობას.

"ის ჩვენი საზოგადოების წევრია. ის ერთ-ერთი ჩვენგანია, რომელსაც მომდევნო 5 წლით ავირჩევთ და ხალხის სამსახურში ჩავაყენებთ. ის არასდროს გამოკიდებია თანამდებობას და მას მაღალი თანამდებობის გარეშეც ღირსეული ადგილი უჭირავს ჩვენ საზოგადოებაში. გიორგი მარგველაშვილი არის ჩვენი თანაგუნდელი და გამორჩეული ადამინი, რომელსაც არასდროს უღალატია პიროვნული თავისუფლებისთვის. ის არ ერიდება თამამ გადაწყვეტილებებს და გაბედული კაცია. მიუხედავად იმისა, რომ ის ახლოს იყო პოლიტიკასთან, ვერავინ დასწამებს, რომ პოლიტიკური ინტრიგების მონაწილე იყო. ის არც ერთი პარტიის წევრი არ არის. დარწმუნებული ვარ, რომ ის ყველას ინტერესების დამცველი იქნება. ყველას პრეზიდენტი იქნება ჩვენი გიორგი", - აღნიშნა ივანიშვილმა.