ნოქალაქევში გიორგი მარგველაშვილის წარდგენის შემდეგ მცირე ინციდენტი მოხდა

ნოქალაქევში გიორგი მარგველაშვილის წარდგენის შემდეგ მცირე ინციდენტი მოხდა

ნოქალაქევში კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წარდგენის შემდეგ მცირე ინციდენტი მოხდა. როგორც შემთხვევის ადგილიდან "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, ქალთა კავშირი "ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისათვის" წევრმა, ინგა ქარდავამ სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორსა და ამჟამად პარლამენტის წევრს, გურამ მისაბიშვილს თავისი "ნაციონალური" წარსული შეახსენა და შეურაცხმყოფელი ფრაზებით მიმართა. 

ქარდავას განცხადებით, მისაბიშვილის გუბერნატორობის პერიოდში "ქართული ოცნების" სენაკის მაჟორიტარ კანდიდატს, გურამ ოდიშარიას მისაბიშვილის ბრძანებით ნოქალაქევის ისტორიული ძეგლის ეზოში ამომრჩევლებთან შეხვედრის საშუალება არ მიეცა.

"ეს ის მისაბიშვილია, რომელიც 9 წლის განმავლობაში, სამეგრელოში სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის დავალებებს ასრულებდა. მისი აქ ყოფნა დღეს ამაზრზენია. მე ის ინგა ქარდავა ვარ, რომლის ზურგზეც გადავიდა "ქართული ოცნების" გამარჯვება სენაკში, რომელსაც ეს ვაჟბატონი, ეს კრიმინალი მისაბიშვილი უშლიდა ხელს", - განაცხადა ქარდავამ.

მისაბიშვილის განცხადებით კი, ის გიორგი მარგველაშვილის მხარდამჭერია და ქარდავას განცხადებებზე კომენტარის გაკეთება არ სურს.

"ეს არის ერთი ავადმყოფი ადამიანი და მე ავადმყოფებზე კომენტარს არ ვაკეთებ", - აღნიშნა "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას მისაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, ის "ქართულ ოცნებაში" გაწევრიანებას არ აპირებს, თუმცა მის მხარდამჭერად დარჩება.

"მე ვარ ცენტრისტი, როგორც მაჟორიტარი დეპუტატი, მაგრამ ამ შემთხევაში ხელისუფლების მხარდამჭერი ვარ ამ კანდიდატურასთან დაკავშირებით", - დასძინა მან.

ინციდენტის განმუხტვა მარგველაშვილის შტაბის ხელმძღვანელის დავით საგანელიძის ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა წინასაარჩევნო კამპანია დღეს ნოქალაქევიდან დაიწყო.