ბიძინა ივანიშვილი:  პრეზიდენტთან გუშინდელი შეხვედრა უნდა გენახათ, შეწუხდა მთელი ხალხი და მეც შევწუხდი

ბიძინა ივანიშვილი: პრეზიდენტთან გუშინდელი შეხვედრა უნდა გენახათ, შეწუხდა მთელი ხალხი და მეც შევწუხდი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი გუშინინდელ ღონისძიებაზე პრეზიდენტთან შეხვედრა დღეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით მოკლე განცხადება პრემიერმა სენაკის რაიონის სოფელ ნოქალაქევში, კოალიცია "ქართული ოცნების" პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენის შემდეგ გააკეთა. 

"პრეზიდენტთან გუშინდელი შეხვედრა უნდა გენახათ, შეწუხდა მთელი ხალხი და მეც შევწუხდი", - აღნიშნა პრემიერმა.

პრეზიდენტი და პრემიერი გუშინ ერთმანეთს ბათუმში, ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო საზღვაო ძალების ხომალდზე შეხვდნენ. სააკაშვილმა და ივანიშვილმა ხომალდზე გამართულ მიღებაზე ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს და გაისაუბრეს. პრემიერ-მინისტრი დაინტერესდა, რას ნიშნავდა მიხიელ სააკაშვილის გულზე დამაგრებული წითელი ყაყაჩოს სიმბოლო. "რა გაქვს ეგ გულზე, სად იშოვე? რა არის ეს, რას ნიშნავს",-იკითხა ბიძინა ივანიშვილმა.

მიხეილ სააკაშვილმა კი უპასუხა: "მოგიხერხებ, რომ იშოვო. ეს არის მახსოვრობა ჩვენი დაღუპული ჯარისკაცების".

ამის შემდეგ პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას პრემიერს მიმართა და იმედი გამოთქვა, რომ ის მტერთან შეკრული არ არის.

"მე იმედი მაქვს, რომ თქვენ არ ხართ შეკრული საქართველოს მტერთან, იმედი მაქვს თქვენ აცნობიერებთ თქვენ პასუხისმგებლობას საქართველოს მომავალზე", - განაცხადა სააკაშვილმა.