ვაშინგტონმა საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებები საბოლოოდ უნდა ჩაკლას

ვაშინგტონმა საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებები საბოლოოდ უნდა ჩაკლას

"ნატო-ს ქართული კოშმარი", - ამ სათაურით აქვეყნებს ამერიკული გამოცემა The National Interest დუგ ბენდოუს სტატიას საქართველო-ნატო-ს ურთიერთობებზე. 

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ბოროტების იმპერია აღარ არსებობს, საბჭოთა კავშირი კარგა ხანია, დაიშალა, ვარშავის პაქტი ისტორიის ნაგავსაყრელზეა, ევროპა ამერიკაზე მდიდარია და საინტერესოა, რატომ ითხოვს დღემდე შეერთებული შტატები ნატო-ს გაფართოებას?

"მაისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კერიმ განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებებს ნატო-სა და ევროპისკენ. ივნისში კი ნატო-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს ეწვია, სადაც აღნიშნა - საქართველო ნატო-ს უახლოვდება, თუმცა მეტი რეფორმებია საჭირო და, როცა ეს რეფორმები შესრულდება, ნატო იძულებული იქნება, შეასრულოს დანაპირები, რომ საქართველო ალიანასის წევრი გახდეს", - წერს დუგ ბენდოუ და დასძენს, რომ ვაშინგტონმა უნდა შეაჩეროს ეს პროცესი.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ორგანიზაცია იოსებ სტალინის საბჭოთა კავშირის შესაჩერებლად შეიქმნა, ამერიკამ კი სისტემა ომის იარების შეხორცების შემდეგაც შეინარჩუნა.

"1970-იანი წლებისთვის ალიანსის გამართლება შეწყდა. ბოროტების იმპერია ბოროტადაც დარჩა და იმპერიადაც, თუმცა საბჭოთა ნომენკლატურა მცირე ინტერსს იჩენდა, სამხედრო აგრესიაში ჩართულობით რისკის ქვეშ დაეყენებინათ პრივილეგიები. საბჭოთა კავშირის დაშლამ კი ნატო მტრის გარეშე დატოვა", - წერს დუგ ბენდოუ და აღნიშნავს, რომ რაღაც პერიოდში ალიანასის დაბნეული მომხრეები ახალი მისიების ძიებაში იყვნენ.

სტატიის ავტორი წერს, რომ ნატო-მ ახალი ვალდებულებების აღება გადაწყვიტა – ალიანსი საბრძოლველად ომებს ეძებდა. ავღანეთში, ბოსნიაში, კოსოვოსა და ლიბიაში დროდადრო მიმდინარე კონფლიქტებში ნატო-ს პრესტიჟული სოციალური კლუბის როლი ჰქონდა, რომელიც ამ კლუბში აღმოსავლეთ ევროპის ახალ გათავისუფლებულ და შექმნილ სახელმწიფოებს იწვევდა.

დუგ ბენდოუ ასევე აღნიშნავს, რომ ეს პროცესი ახლაც გრძელდება და ალიანსის გენერალური მდივნის სიტყვებს ციტირებს, რომლის თქმითაც, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია ის მიზანია, რომელსაც ყველა იზიარებს და თუ საქართველო ყველა საჭირო მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ნატო-ში დაიდებს ბინას.

"ეს უგუნური იდეაა. საქართველო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი რჩება. მნიშვნელობა არ აქვს, მოაწესრიგებს თუ არა საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება ქვეყნის პოლიტიკურ და სამართლებრივ სისტემას და გააძლიერებს თუ არა სამხედრო ძალებს. ვაშინგტონმა არ უნდა დადოს თბილისის დაცვის პირობა. სამწუხაროდ, საქართველო ცუდ სამეზობლოშია. ჯერ რუსეთის იმპერიისა და შემდეგ საბჭოთა კავშირის მიერ შთანთქმულმა თბილისმა დამოუკიდებლობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიპოვა. თუმცა, ცუდი ურთიერთობები გაგრძელდა და 2008 წელს ომმა იფეთქა. მანამდე ერთი წლით ადრე გაკეთებული განცხადების იმედად, რომ საქართველო ალიანსში გაწევრიანდებოდა, სააკაშვილის მთავრობამ სროლა დაიწყო. დასავლელი ლიდერები უფრო ფრთხილად მოეკიდნენ საქართველოს ალიანსურ პერსპექტივებს, თუმცა კონფლიქტიდან ერთი თვის შემდეგ, ნატო-ს მაშინდელმა გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-სკენ მიმავალი გზა კვლავაც ღიაა და ალიანსის 26-ივე წევრი თანახმაა, რომ საქართველო ერთ დღეს ალიანსის წევრი გახდეს", - აღნიშნავს დუგ ბენდოუ და დასძენს, რომ ეს სულისკვეთება უფრო საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან იდენტიფიცრდებოდა, თუმცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანა გააგრძელებს ნატო-სკენ სვლას.

სტატიის ავტორი ასევე აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ ავღანეთში ქართული შეიარაღებული ჯარების რიცხვის გაზრდა გადაწყვიტა.

"მაგრამ მოკავშირეობის შენარჩუნება არ ნიშნავს იმას, რომ ავღანეთში სამხედროების კონტრიბუციას რაიმე კავშირი აქვს ნატო-ს წევრობასთან. სინამდვილეში, თბილისი ბევრს ვერაფერს იგებს ავღანეთში არაკომპეტენტური, არაეფექტიანი, არაკეთილსინდისიერი ცენტრალური მთავრობის მხარდაჭერით", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის კომენტარს ციტირებს, რომელმაც განაცხადა, რომ საქართველოს უახლოესი მიზანი ნატო-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მიღება და შემდგომში ალიანსში გაწევრიანებაა. ის ჯარისკაცები კი, რომლებიც ახლა ავღანეთში იბრძვიან, ყველაზე მეტად უწყობენ ამას ხელს.

"სინამდვილეში კი ის ჯარისკაცები სიცოცხლეს თავიანთი ხელისუფლების მიზნებისთვის წირავენ. მაისის შემდეგ განხორციელებული ორი თავდასხმის შედეგად ათი ქართველი სამხედრო დაიღუპა, საერთო ჯამში კი სულ 29 ჯარისკაცია დაღუპული. მიუხედავად ამისა, ქართველი ჯარისკაცები კვლავაც პაიკებად დარჩებიან თავიანთი მთავრობის ძალიან დიდ პოლიტიკურ თამაშში", - აღნიშნავს დუგ ბენდოუ.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ ვიდრე თბილისისთვის ნატო-ს წევრობას აზრი აქვს, ამერიკისთვის ეს ცუდი გარიგება იქნება და ვაშინგტონისთვის ამერიკის უსაფრთხოება ალიანსის მიზანზე წინ უნდა იყოს.

"რა თქმა უნდა, ალიანსის მხარდამჭერები ამტკიცებენ, რომ ამერიკის მუქარა ჩაერიოს კონფლიქტში, შეაჩერებს რუსეთს. მაგრამ, ისტორიას უამრავი მაგალითი აქვს, როცა შეჩერება ვერ მოხერხდა. ამერიკელ დამგეგმავებს არასდროს უფიქრიათ ბევრი კავკასიასზე. განსხვავებით ამისგან, მოსკოვი ისე შეშფოთებული რჩება საზღვრის უსაფრთხოებაზე და საერთაშორისო პატივისცემაზე, როგორც არასდროს", - აღნიშნავს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ ნატო-ს ფორმალური უსაფრთხოების გარანტიები გაამხნევებს საქართველოს, ნაკლები პასუხისმგებლობით იმოქმედოს და რომ თბილისმა უკვე გაიღო მსხვერპლი ტერიტორიული უსაფრთხოება ნატო-ს წევრობის სანაცვლოდ.

სტატიის ავტორი ასევე წერს, რომ 2008 წელს ამერიკული მხარდაჭერის იმედით, საქართველოს მთავრობამ სულელურად პროვოცირებული ომი წამოიწყო მოსკოვთან და ამონარიდი მოჰყავს გერმანული გამოცემა "შპიგელიდან", სადაც ნათქვამია, რომ სააკაშვილმა არავის გაფრთხილებას უგდო ყური და ქართულმა რაკეტებმა ცხინვალის დაბომბვა დაიწყეს.

"საქართველოს ალიანსში გაწევრიანებით კიდევ უფრო სავარაუდოა ომის დაწყება. ვაშინგტონმა საბოლოოდ და მკაცრად უნდა ჩაკლას საქართველოს ნატო-სკენ მისწრაფებები. რა თქმა უნდა, ეს არ შეაჩერებს ევროპელების დამოუკიდებელ ქმედებას, თუ მათ სჯერათ, რომ თბილისის დაცვით მიღებული სარგებელი გაწეულ დანახარჯებად ღირს. მაგრამ, ვაშინგტონმა უარი უნდა უთხრას კავკასიაში ომის წამოწყების შესაძლებლობას", - წერს დუგ ბენდოუ.