ბიძინა ივანიშვილი:  იმედი მაქვს, საპრეზიდენტო არჩევნებით კიდევ ერთ ტესტს ჩავაბარებთ

ბიძინა ივანიშვილი: იმედი მაქვს, საპრეზიდენტო არჩევნებით კიდევ ერთ ტესტს ჩავაბარებთ

იმედი მაქვს, საპრეზიდენტო არჩევნებით ჩვენ კიდევ ერთ ტესტს ჩავაბარებთ, - ამის შესახებ საქართველსო პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა ნოქალაქევში, "ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წარდგენისას განაცხადა. 

პრემიერის განცხადებით, ისინი შეძლებენ დაარწმუნონ ყველა, რომ არიან ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება.

"ჩვენ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჰყავს ისეთი საპრეზიდენტო კანდიდატი, როგორიც ეკადრება საქართველოს, ევროპისკენ მიმავალ ქვეყანას. საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გახდეს საქართველოში მომხდარი ფუნდამენტური ცვლილების ყველაზე უფრო მკაფიო დემონსტრირება. ჩვენ პოლიტიკურ გუნდს აქვს ამ არჩევნებში დამაჯარებელი გამარჯვების ამბიცია. დარწმუნებული ვარ, საპრეზიდენტო არჩევნებში, პატიოსან ბრძოლაში ღირსეული კანდიდატი გაიმარჯვებს და ეს იქნება გიორგი მარგველაშვილი",-განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერს სწამს, რომ მარგველაშვილის განარჯვება ქვეყნის საერთო გამარჯვება იქნება.

"ეს კი გარანტია იქნება იმის, რომ საქართველო ერთხელ და სამუდამოდ დემოკრატიულ, პოლიტიკური წესრიგის დამკვიდრების გზას დაადგება, რომლიდანაც გადახვევა აღარ იქნება ადვილი",-განაცხადა ივანიშვილმა.

სიტყვის დასასრულს, პრემიერ-მინისტრმა გიორგი მარგველაშვილს საჩუქრად კალამი გადასცა.

"ამ კალმით ვსარგებლობდი არჩევნების პროცესში და იცოდე, ეს აუცილებლად გამარჯვებას მოგიტანს",-მიმართა ივანიშვილმა მარგველაშვილს.