არქეოლოგები თბილისის მთავრობას სტაბილურ დაფინანსებას სთხოვენ

არქეოლოგები თბილისის მთავრობას სტაბილურ დაფინანსებას სთხოვენ

საკრებულოში არქეოლოგთა და ისტორიკოსთა საკონსულტაციო ჯგუფი შეიქმნება, რომელიც ქალაქში მიმდინარე არქეოლოგიურ კვლევებს მონიტორინგს გაუწევს. 

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილმა ჯაბა სამუშიასთან ერთად მეცნიერები საკრებულოში მიიღო.

"იმისათვის, რომ თბილისის უზარმაზარი ისტორია უკეთესად იქნას შესწავლილი, ბიუჯეტი უნდა დაიგეგმოს მიზნობრივად. ეს საშუალებას მოგვცემს მიმდინარე არქეოლოგიური კვლევები კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ. ჩვენი სიმდიდრის, კულტურისა და წარსულის ჯეროვანი შესწავლით, მისი წარმოჩინებით, ჩვენი დედაქალაქი ტურისტებისთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გახდება,"- განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ არქეოლოგებთან შეხვედრის შემდეგ.

საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეც მიიჩნევს, რომ კვლევების ერთჯერადი დაფინანსება საკმარისი არაა.

"დღესდღეობით არქეოლოგიური ძეგლების კვლევისათვის თბილისის ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის. ამ მიმართულებით მერიამ ხარჯები რამდენჯერმე გაიღო, თუმცა ეს იყო ერთჯერადი კამპანია რომელიმე კონკრეტული ობიექტის შესწავლისათვის. ჩვენი მიზანია თბილისის ბიუჯეტში გაჩნდეს სახსრები, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ ამ საქმისთვის იქნება განკუთვნილი. ამასთან საკრებულოში უნდა მოქმედებდეს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც პროექტების მიღებას და მათ ექსპერტიზას დაიწყებს, ამასთან განსაზღვრავს, ბიუჯეტში არსებული თანხა რომელ ობიექტს უნდა მოხმარდეს""-, აცხადებს სამუშია.

დედაქალაქის განსაკუთრებულობასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრეს არქეოლოგებმა.

"ჩვენი ქალაქი 1500 წელია, რაც დედაქალაქია, თუმცა მასში 6000 წლის წინანდელი ცხოვრების კვალი არსებობს. თქვენ გაგიჭირდებათ დამისახელოთ დედაქალაქი, რომისა და ათენის გარდა, რომელსაც 1500 წლის დედაქალაქობა დღემდე აქვს შემორჩენილი. არ შეიძლება ქალაქს ჰქონდეს ნარიყალას ციხის ბრწყინვალე ხედი, ასევე ვახტანგ გორგასლის დროინდელი გალავანი, მე-2, მე-3 საუკუნის აბანოს ნაშთები და ეს ყველაფერი უყურადღებოდ იყოს მიტოვებული. ბიუჯეტში უნდა იჯდეს თანხა, გარკვეული მუხლი უნდა იყოს, რომელიც ქალაქს მისცემს საშუალებას უპატრონოს თავის ძეგლებს და კულტურულ მემკვიდრეობას,"- განაცხადა არქეოლოგმა მერაბ ძნელაძემ.

2014 წლის ბიუჯეტის ფორმირებამდე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და უმრავლესობის წევრები არქეოლოგებთან შეხვედრას კიდევ გეგმავენ.