მთავარი პროკურატურტა:

მთავარი პროკურატურტა: "დენსუსის" დასკვნა მერაბიშვილისათვის შერაცხულ ბრალდებას ადასტურებს

საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებით, 2011 წლის 26 მაისთან დაკავშირებით ამერიკული კომპანია "დენსუსის" დასკვნა ვანო მერაბიშვილის ბრალდების დასაბუთებულობასა და კანონიერებას ადასტურებს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პროკურატურიდან აცნობეს, კომპანია "დენსუსის" დასკვნა არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ახლად გამოვლენილი გამამართლებელი მტკიცებულება და მისი სხვაგვარი ინტერპრეტაცია სამართლებრივი მანიპულაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს.

პროკურატურის განცხადებას "ინტერპრესნიუსი" უცვლელად გთავაზობთ:

"საქართველოს მთავარი პროკურატურა მიიჩნევს, რომ ამერიკული კომპანია "დენსუსის" მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ჯერ კიდევ 2011 წელს გადაცემული დასკვნა შედგენილია მაღალკვალიფიციურად და იგი არათუ ეწინააღმდეგება ივანე მერაბიშვილისათვის შერაცხულ ბრალდებას, არამედ ავსებს მას და ადასტურებს ამ ბრალდების დასაბუთებულობასა და კანონიერებას. კერძოდ, საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ივანე მერაბიშვილისათვის წარდგენილი ბრალდების მიხედვით, მან, როგორც სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირმა, გადაამეტა სამსახურებრივ უფლებამოსილებას, გასცა უკანონო ბრძანებები, რომელთა საფუძველზე საპოლიციო ქვედანაყოფებმა დაარღვიეს მიტინგის დაშლის წინასწარ მომზადებული, საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად შემუშავებული გეგმა, რომლის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა გაზიარებულია ზემოაღნიშნული დასკვნითაც. შედეგად, დასახიჩრდა და ჯანმრთელობის სხვადასხვა ხარისხის დაზიანებები მიიღო ათეულობით ადამიანმა, ხოლო ორი - გარდაიცვალა. საგულისხმოა, რომ კომპანია "დენსუსი" დასკვნის შედგენისას უპირატესად ხელმძღვანელობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მირ მათთვის მიწოდებული, ცალკეულ შემთხვევებში, ცრუ ინფორმაციებითა და მასალებით. ასე მაგალითად, დასკვნაში ვკითხულობთ: "გამზირის დემონსტრანტებისაგან გაწმენდის ოპერაციის შესწავლის შედეგად დათხოვნილი იქნა ოთხი პოლიციელი, ერთი - ჩამოქვეითდა და ცხრა პირს გამოეცხადა საყვედური. თუმცა, დეტალური ინფორმაცია იმის შესახებ თუ რომელ დანაყოფებში მუშაობდნენ აღნიშნული ოფიცრები ან რა დარღვევებმა/გადაცდომებმა განაპირობა მათი დისციპლინური დასჯა არ გაცხადებულა."

გამოძიებით კი უტყუარად დადგენილია, რომ საერთაშორისო საზოგადოებისა და საქართველოს მოსახლეობის დეზინფორმირების მიზნით, პოლიციელთა უკანონო ქმედებებზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოახდინა თვალთმაქცური რეაგირება და ჩადენილ დანაშაულში ივანე მერაბიშვილის მონაწილეობის შენიღბვის მიზნით, დისციპლინური წესით მოჩვენებითად დასაჯა შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელი, რომელთაგან ნაწილი საერთოდ არ იმყოფებოდა მიტინგის ტერიტორიაზე, ნაწილი - უშუალოდ არ ღებულობდა მონაწილეობას მიტინგის დაშლაში, ხოლო 3 მათგანი დასჯის შესახებ ბრძანების გამოცემამდე, საკუთარი ნებით, უკვე გათავისუფლებული იყო შინაგან საქმეთა ორგანოებიდან. შესაბამისად, კომპანია "დენსუსის" დასკვნა არ შეიძლება განხილულ იქნეს როგორც ახლად გამოვლენილი გამამართლებელი მტკიცებულება და მისი სხვაგვარი ინტერპრეტაცია სამართლებრივი მანიპულაციისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობას წარმოადგენს", – ნათქვამია განცხადებაში.

დღეს "თავისუფალმა ზონამ" 2011 წლის 26 მაისის შესახებ ამერიკული მხარის დასკვნა გაავრცელა. ორგანიზაციის ინფორმაციით, დოკუმენტი, რომელიც მათ მოიპოვეს, აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის დავალებითა და დაფინანსებით ამერიკულმა ფირმამ "დენსუსმა" მოამზადა.

ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი მოითხოვს, რომ 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა შეწყდეს ან, უკიდურეს შემთხვევაში, აღმკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდოს.