მძიმეა, როდესაც მთავრობის მეთაური აგდებულად უდგება საქართველოსთვის თავგანწირული ადამიანების ხსოვნას

მძიმეა, როდესაც მთავრობის მეთაური აგდებულად უდგება საქართველოსთვის თავგანწირული ადამიანების ხსოვნას

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი წევრის, დეპუტატ ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ძალიან მძიმეა, როდესაც ქვეყნის მთავრობის მეთაური აგდებულად უდგება საქართველოსთვის თავგანწირული ადამიანების ხსოვნას. ამის შესახებ ირმა ნადირაშვილმა გუშინ, ბათუმში აშშ-ის სამხედრო ხომალდზე პრემიერის და პრეზიდენტის გასაუბრების კომენტირებისას განაცხადა. 

"ჩემთვის მძიმე საყურებელი იყო, როდესაც პრემიერ-მინისტრმა მიმართა პრეზიდენტს - "რა გიკეთია გულზე". შესაძლოა პრემიერ-მინისტრმა არ იცის ყველასგან განსხვავებით, რისი სიმბოლოა წითელი ყაყაჩო. ეს ჩემთვის ძალიან მძიმეა, მაგრამ კიდევ უფრო მძიმეა, თუ მან იცის და გადაწყვიტა ამ თემაზე ექილიკა. ძალიან მძიმეა, როდესაც ქვეყნის მთავრობის მეთაური ასე აგდებულად უდგება ამ საკითხს, ასე ადგებულად უდგება საქართველოსთვის თავგანწირული ადამიანების ხსოვნას", - განაცხადა ნადირაშვილმა.

დეპუტატის თქმით, ეს თემა მას შემდეგაც გაგრძელდა, როდესაც გემზე პრეზიდენტის ოფიციალური მიმართვა იყო.

"გამოითქვა მოსაზრება, რომ შესაძლოა სამხედრო გემი არ არის პოლიტიკური დებატების ადგილი, მაგრამ, საქართველოს პრეზიდენტი საუბრობდა მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ტკივილზე, გარდაცვლილი გმირების ოჯახებზე და მე არ ვიცი არც ერთი ადგილი, სადაც ამ თემაზე საუბარი არ იყოს კორექტული", - აღნიშნა დეპუტატმა.