უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ხარატიშვილმა თანამდებობიდან წასვლის დრო არასწორად შეარჩია

უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ხარატიშვილმა თანამდებობიდან წასვლის დრო არასწორად შეარჩია

საპარლამენტო უმრავლესობაში მიიჩნევენ, რომ ცესკო-ს თავმჯდომარის თანამდებობიდან ზურაბ ხარატიშვილი არჩევნების გამოცხადებამდე, ან არჩევნების შემდეგ უნდა წასულიყო. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ირინე იმერლიშვილმა განუცხადა, ხარატიშვილს თანამდებობიდან წასვლის დრო სწორად შერჩეული არ აქვს.

"მე ვფიქრობ, რომ ახლა სწორი პერიოდი არ არის, როდესაც უნდა გადამდგარიყო, თუ მას წასვლა უნდოდა უნდა გადამდგარიყო არჩევნების გამოცხადებამდე, ან არჩევნების შემდეგ", - აღნიშნა იმერლიშვილმა.

მისივე თქმით, ზურაბ ხარატიშვილს ურთიერთობისა და თანამშრომლობის პრობლემა ახალ ხელისუფლებასთან არ ჰქონია.

"მე რამდენადაც ვიცი და თავადაც არაერთხელ უთქვამს, რომ მას თანამშრომლობის პრობლემა არ ჰქონია ახალ ხელისუფლებასთან. რაც შეეხება არჩევნებს, ხარატიშვილი იქნება თუ არა, პრემიერმა და დღევანდელმა ხელისუფლებამ არაერთხელ თქვა, რომ ეს არჩევნები გამჭვირვალედ, დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად უნდა ჩატარდეს და ამ დანაპირებს ჩვენ შევასრულებთ", - აცხადებს დეპუტატი.

მისივე თქმით, მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს ვინ იქნება ცესკო-ს თავმჯდომარე, რადგან ცენტრალური საარჩევნო კომისია მხოლოდ ტექნიკურად ატარებს არჩევნებს.

"ძალიან ბევრ ქვეყანაში არც კი იციან ხოლმე ვინ არის ცესკო-ს თავმჯდომარე",- აღნიშნა იმერლიშვილმა.

ცესკო-ს თავმჯდომარემ ზურაბ ხარატიშვილმა სააქართველოს პარლამენტს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებით დღეს მიმართა.