ლევან კორტავას საქმეზე დაკავებული სამი პირის გირაოთი გათავისუფლების შესახებ სასამართლო განცხადებას ავრცელებს

ლევან კორტავას საქმეზე დაკავებული სამი პირის გირაოთი გათავისუფლების შესახებ სასამართლო განცხადებას ავრცელებს

ლევან კორტავას საქმეზე დაკავებულ გიგა კოხოძეს, ალექსანდრე ბაბუნაშვილსა და თენგიზ ნასარეიას აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა გირაოთი შეეცვალათ. შესაბამისი გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლო მიიღო. 

როგორც სასამართლოში განმარტავენ, მოცემულ შემთხვევაში გირაო სავსებით უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ბრალდებულებს გიგა კოხოძეს, ალექსანდრე ბაბუნაშვილსა და თენგიზ ნასარეიას აღკვეთი ღონისძიება პატიმრობა შეეცვალათ გირაოთი. გიგა კოხოძეს და ალექსანდრე ბაბუნაშვილს ბრალი ედებათ სამსახურებრივ გულგრილობაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო თენგიზ ნასარეიას ბრალი ედება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციაში, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი 3691 მუხლის მესამე ნაწილით.

აღნიშნულ საქმეზე ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 აგვისტოს განჩინებით, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული ჰქონდათ პატიმრობა, რაც ბრალდებულების და მათი ინტერესების დამცველი ადვოკატების მიერ გასაჩივრდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში.

აღკვეთის ღონისძიების კონკრეტული სახის გამოყენებისას ვერც ბრალდების მხარის მიერ და ვერც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ სათანადოდ ვერ იქნა დასაბუთებული ბრალდებულების მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილობა და ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენების მიზანშეუწონლობა. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში მიიღო ბრალდების მხარის არგუმენტაციით გამოძიებისთვის შესაძლო არსებული საფრთხეები, თუმცა სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დასახელებული არგუმენტი (მტკიცებულებათა მოპოვებისათვის ხელის შეშლა) ვერ იქნებოდა ბრალდებულების - გ.კოხოძის, ა.ბაბუნაშვილის და თ.ნასარეიას მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების საფუძველი, ვინაიდან საქმის მასალების შესწავლით საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ მართალია არსებობს ვარაუდი გ.კოხოძის, ა.ბაბუნაშვილის და თ.ნასარეიას, მხრიდან მტკიცებულებათა მოპოვებისათვის შესაძლო ხელის შეშლის შესახებ, მაგრამ ასეთი არ არის იმ სტანდარტით დასაბუთებული, რომ მათ მიმართ გამოყენებული იქნას ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და სავსებით შესაძლებელია აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევა ბრალდებულების მიმართ ნაკლებად მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებითაც.

სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია ყურადღებას ამახვილებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ ბრალდებულების დაკავებისას დაირღვა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები. ბრალდებულების - გიგა კოხოძის, ალექსანდრე ბაბუნაშვილის და თენგიზ ნასარეიას დაკავების ოქმების მიხედვით, თითოეული მათგანის დაკავების საფუძვლად მათი მიმალვის შესაძლებლობაა მითითებული. საქმის მასალების შესწავლისა და მხარეთა განმარტებების გამოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს რამოდენიმე თვის განმავლობაში, ბრალდებულების მხრიდან ადგილი არ ჰქონია საგამოძიებო ორგანოში გამოცხადებისთვის თავის არიდებას. დაკავების დღეს, 2013 წლის 2 აგვისტოსაც ბრალდებულები ნებაყოფლობით გამოცხადდნენ გამოძიების ორგანოში სადაც მოხდა მათი დაკავება. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანოს, რომელსაც დაკავებამდე რამოდენიმე ხნით ადრე უკვე შეკრებილი ჰქონდა ის მტკიცებულებები, რის საფუძველზეც 2013 წლის 02 აგვისტოს მოხდა აღნიშნულ პირთა დაკავება, სრული სამართლებრივი საფუძველი ჰქონდა მიემართა სასამართლოსთვის დაკავების შესახებ განჩინების გაცემის შუამდგომლობით და სასამართლოს კონტროლის ქვეშ და მისი ნებართვით მოეხდინა ბრალდებულების დაკავება. იმის გათვალისწინებით, რომ არცერთი ბრალდებული წარსულში ნასამართლევი არ არის, აქვთ მუდმივი საცხოვრებელი ადგილი და მათთვის ცნობილი იყო განსახილველ საქმეზე გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია გამოძიებისათვის თავის არიდების ფაქტს, სასამართლოს განჩინების გარეშე დაკავება, მიმალვის საფრთხის ფორმალურად მითითებით დაუშვებელია და მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა გადაუდებელ შემთხვევაში ბრალდებულების გ.კოხოძის, ა.ბაბუნაშვილის და თ.ნასარეიას დაკავების საფუძველი. საქართველოს სსსკ-ის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის "ე" პუნქტის თანახმად დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, თუ დაკავებისას არსებითად დაირღვა სისხლის სამართლის საპროცესო კანონი, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა ბრალდებულების - გიგა კოხოძის, ალექსანდრე ბაბუნაშვილის და თენგიზ ნასარეიას დაკავებისას სისხლის სამართლის საპროცესო კანონის არსებითი დარღვევა.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგამოძიებო კოლეგიას მიაჩნია, რომ ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს და ბრალდებულებს - გ.კოხოძეს, ა.ბაბუნაშვილს და თ.ნასარეიას, მათ მიმართ წარდგენილი ბრალის სიმძიმის, ოჯახური და ქონებრივი მდგომარეობის, ასევე მათი გამოძიებასთან თანამშრომლობის მზადყოფნის გათვალისწინებით, აღკვეთის ღონისძიების სახით უნდა შეეფარდოთ გირაო, რაც მოცემულ შემთხვევაში სავსებით უზრუნველყოფს აღკვეთის ღონისძიების მიზნების მიღწევას" – ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურამ ლევან კორტავას გარდაცვალების საქმის გახსნის შესახებ განცხადება 2 აგვისტოს გააკეთა.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით რამდენიმე პირის ბრალეულობა დადასტურდა, რის შედეგადაც სამსახურებრივი გულგრილობის, სასიკვდილო შედეგით დასრულებული, უმწეო მდგომარეობაში მყოფის, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებაში დახმარებისათვის და სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ჩადენისთვის დააკავეს სად-ის მე-14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორი ილია შანშაშვილი; სამსახურებრივი გულგრილობის ბრალდება წარედგინათ სად-ის მე-14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ გიგა კოხოძესა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების ინსპექტორ (კონტროლიორ) ალექსანდრე ბაბუნაშვილს, ხოლო საქართველოს სსკ-ის 3691-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის - სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციის ჩადენისთვის - სად-ის მე-14 დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების ინსპექტორ თენგიზ ნასარეიას.

ასევე, დააკავეს ძალადობრივი დანაშაულის ჩამდენი ერთ-ერთი პირი, ადრე განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი გიორგი შემაზაშვილი, რომელიც საპატიმრო დაწესებულებიდან 2013 წლის 7 ივნისს გათავისუფლდა. იგივე ბრალდება წარედგინათ დანაშაულის ჩამდენ დანარჩენ პირებსაც - ლაშა კვანტალიანს, შოთა სინაურიძეს, სოლომონ დაშნიანს, გელა უშხვანს, თეიმურაზ გურეშიძეს და ნუგზარ ბუჩუაძეს, რომლებიც ამჟამადაც საპატიმრო დაწესებულებაში არიან.

მსჯავრდებული ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობის გამო

23 მაისს გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.